მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მინიმუმ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჩხოროწყუში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე განაცხადა.
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ წარმატება, რომელიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰქონდა, ის წარმატებული შვილები, რომლებიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰყავდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი იყვნენ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს, ისწავლონ აქ, რათა შემდგომ გვასახელონ როგორც კუთხე, ისე ქვეყანა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ იყოს დიდი სხვაობა, თუ სად ცხოვრობს ადამიანი.
მისივე თქმით, არსებული რესურსი, გონიერად, რაციონალურად და თანმიმდევრულად უნდა იქნას გამოყენებული, უნდა გაკეთდეს სწორი პრიორიტეტები.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის მომავალზე, ჩხოროწყუს მომავალზე საუბარი, მშობლიურ მუხურში. რა თქმა უნდა, ეს პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაც არის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მათ შორის ჩხოროწყუშიც, ასე თუ ისე წესრიგში მოვიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ბევრი პრობლემაა დარჩენილი წყალმომარაგების თვალსაზრისით და სოფლებში წყალი პრობლემაა, ვიცით ეს და გასაკეთებელი გვაქვს. გაზიფიცირება დავიწყეთ და მინდა გითხრათ, რომ მომავალი ახალი სამწლიანი გეგმა იქნება გაზიფიცირების, რომელსაც მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს და გაზიფიცირებაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. სოფლებში და მათ შორის ჩხოროწყუში, კანალიზაციაა წესრიგში მოსაყვანი. ბევრი რამ არის კიდევ ერთად გასაკეთებელი – სკოლებია ასაშენებელი, გასარემონტებელი. ჩხოროწყუში 2021 წელს ახალი სკოლის აშენება დაიწყება. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ღირსეულად ვცხოვრობდეთ ჩვენს კუთხეში და არ იყოს დიდი სხვაობა სად ვცხოვრობთ თბილისში, ბათუმსა თუ რუსთავში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ასე იქმნება წარმატებული, ძლიერი ეკონომიკის ევროპული ქვეყნები და ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ. ეს ჩვენ შეგვიძლია და ერთად უნდა ვიშრომოთ მიზნის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ჩხოროწყუში ბევრი რამ გაკეთდა, ბევრია გასაკეთებელი. გვინდა, ჩხოროწყუში იყოს სპორტული კომპლექსი, ასევე ძალიან გვინდა, რომ კულტურის სახლი გავარემონტოთ. ასევე ძალიან გვინდოდა ყველას, რომ ტობავარჩხილზე გზა გაგვეკეთებინა, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ და რესურსი, რომელიც გვაქვს, ძალიან გონიერად და რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ, თანმიმდევრულად და უნდა გვქონდეს სწორი პრიორიტეტები. ამიტომ, იმისთვის, რომ ჩხოროწყუს ეკონომიკა ავამუშაოთ და ტურისტი მოვიზიდოთ, გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში უნდა გაგვეკეთებინა ტობავარჩხილზე გზა. რაც უფრო მეტი ტურისტი ეყოლება ჩხოროწყუს, მით მეტი შემოსავალი ექნება ადგილობრივ ოჯახებს. შემდგომ უნდა გავაკეთოთ სპორტული კომპლექსი და 2021 წელს სპორტული კომპლექსის მშენებლობასაც დავიწყებთ, შემდგომ კულტურის სახლსაც მივადგებით. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თანმიმდევრულად და არ უნდა გვქონდეს იმის იმედი, რომ რაღაც საოცრება მოხდება, ვიღაც მოვა, დაგვპირდება და ერთ დღეში ყველაფერს ააშენებს, ასე არ ხდება,“- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ შრომა უნდა იყოს პირველ რიგში მიმართული იმ ძირითადი დარგებისკენ, რომლებიც რეგიონში ისტორიულად ყოველთვის იყო სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობისკენ.
მისივე თქმით, სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი – მუხურის თაფლი, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს აწარმოონ თაფლი და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე.
„ჩვენი შრომა უნდა იყოს პირველ რიგში მიმართული იმ ძირითად დარგებზე, რომლებიც აქ ისტორიულად ყოველთვის იყო, სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის. მინდა გითხრათ, რომ ახლა მუხურში ვართ, ჩვენ უკვე დავიწყეთ და სულ რამდენიმე თვეში დაპატენტდება სპეციალური ბრენდი – მუხურის თაფლი, რაც მისცემს შესაძლებლობას ადგილობრივებს, აწარმოონ თაფლი და შემდგომ გაიტანონ ევროპის ბაზარზე. ეს შესაძლებლობა ყველას გვექნება. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, რათა სულ მალე, რამდენიმე წელიწადში ყველამ ერთად შევძლოთ ღირსეულად ცხოვრება აქ, მუხურში, ხაბუმეში, ახუთში, ჩხოროწყუში, ყველგან, ეს არის ჩვენი მიზანი. ამიტომ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, მთავრობას უკვე მობილიზებული აქვს და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მინიმუმ ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ამ ფულიდან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი მოხმარდება სამეგრელოს, ჩხოროწყუსაც, წალენჯიხასაც, მარტვილსაც, ყველას და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ის წარმატება, რომელიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰქონდა, ის წარმატებული შვილები, რომლებიც ამ კუთხეს ყოველთვის ჰყავდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ, კიდევ უფრო მეტი იყვნენ და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ ახალგაზრდებს, ისწავლონ აქ, იმისთვის, რომ შემდგომ გვასახელონ როგორც კუთხე, ისე ქვეყანა, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ 31 ოქტომბერს ღირსეული არჩევანი გავაკეთოთ და ეს არჩევანი ჩვენ არ გვჭირდება ჩვენთვის. ეს არჩევანი ჩვენ გვჭირდება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი უნდა იყოს სამართლიანი და ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება, დარწმუნებული ვარ, ასეც გავიმარჯვებთ. ჩვენი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო მხარის გუბერნატორი, მან დეტალურად იცის სად, რომელ სოფელში რა პრობლემა არის და დარწმუნებული ვარ, გამარჯვებიდან მეორე დღეს მას ექნება ყველა შესაძლებლობა, რათა იშრომოს და გააგრძელოს შრომა ჩხოროწყუს და საერთოდ სამეგრელოს წინსვლის და კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.