გიორგი გახარია - მოსახლეობას, რა თქმა უნდა, უჭირს და ამას არავინ უარყოფს, არ არის მორალური, ამ კითხვას ასეთი ღიმილით რომ სვამთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქონებრივი დეკლარაცია უკიდურესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ის დეტალურად აქვს შევსებული.
„იქ არის ყველაფერი დაცული. რაღაცა გავყიდე, რაღაცა ნაწილში მეც ვღარიბდები. ყველა ჩინოვნიკი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ როდესაც სახელმწიფო სამსახურში მოდის, უბრალოდ შემოსავალი აკლდება. ახლა რა გინდათ, მოგიყვეთ ჩემ წინა ცხოვრებაში შემოსავლები რამდენი მქონდა?“,- განაცხადა გახარიამ, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ქონებრივი დეკლარაცია რამდენიმე დღის წინ არის შევსებული და თქვენს საბანკო ანგარიშზე 100 ლარამდეა ასახული, თუმცა 2015 წელს თქვენს ქონებრივ დეკლარაციაში იყო მიწის ნაკვეთები, ბინა. 2015 წლის შემდეგ სად ქრება ეს ქონება, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არის დეკლარაციაში“.
ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე, „2015 წლის შემდეგ გაღარიბდით?“, – გახარიამ უპასუხა, რომ ასეა და ამისთვის მზადაც იყო.
„დიახ, დიახ და ამისთვის მე ყოველთვის მზად ვიყავი, რადგან ვემსახურები ამ ქვეყანას“,- განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას, გახარიას თქმით, მოსახლეობას, რა თქმა უნდა, უჭირს და ამას არავინ უარყოფს.
„განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში. და საერთოდ, არ არის მორალური, ასეთ კითხვას რომ სვამთ, აი, ასეთი ღიმილით. ესეც ამორალურია, გულწრფელად გეუბნებით, ყველანაირი პირადულის გარეშე იმიტომ, რომ მოსახლეობის სიღარიბით სპეკულირება, ჩემთვის მიუღებელია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.