გიორგი გახარია - მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტიან მართვას, რაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენის გასაღებია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეკონომიკურ საკითხებზე საუბრით დაიწყო.
გახარიას თქმით, პანდემიის, ვირუსის გავრცელების რისკის ეფექტიანი მართვა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რათა მოხდეს ეკონომიკის სტაბილიზაცია შემდეგში სწრაფი აღდგენის მიზნით.
„რეალურად, დღეს აშკარაა, რომ ამ სტაბილიზაციისთვის მთავრობა, სამინისტროები უნდა მოვემზადოთ. გარკვეული პოზიტიური ნიშნები ჩვენს ეკონომიკაში უკვე გამოჩნდა და ტურისტული სექტორის მიღმა აქტივობები აშკარად არის გაზრდილი. ისევე, როგორც ფინანსურ სექტორში, მაჩვენებლებიც არის საკმაოდ პოზიტიური საგადასახადო შემოსავლების თვალსაზრისით, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის თვალსაზრისით.
ეს ყველაფერი არის მხოლოდ და მხოლოდ იმის შედეგი, რომ ჩვენ, ქვეყანამ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მოვახერხეთ და დღესაც ვახერხებთ ვირუსის ეფექტიან მართვას, ეს არის გასაღები შემდგომი ეკონომიკური, სწრაფი და ეფექტიანი აღდგენისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მთავრობა იბრძვის ორ ფრონტზე – მოქალაქეების ჯანმრთელობა, ვირუსის გავრცელების რისკის ეფექტიანი მართვა არის ერთადერთი და უპირველესი პირობა, რათა ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე ისაუბრონ.
„რეალურად, რამდენიმე დარგში, განსაკუთრებით მთავრობის მხარდამჭერი პროგრამის გამოცხადების შემდეგ, აშკარად არის აქტივობები გაზრდილი. მაგალითად, მშენებლობების მიმართულებით, უძრავი ქონების გაყიდვები ბოლო თვის განმავლობაში რადიკალურად გაიზარდა, ისევე, როგორც სამშენებლო მასალების თვალსაზრისით.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ექსპორტში, მიუხედავად ჩვენი პესიმისტური საპროგნოზო ციფრებისა, თუ არ ჩავთვლით რეექსპორტს, რაც უპირველესად აჩვენებს ეკონომიკის მდგომარეობას რეგიონში, რეექსპორტის გამოკლებით, ექსპორტის კლება არის დაახლოებით 6-7 პროცენტი. ჩვენი გათვლები უფრო პესიმისტური იყო“, – აღნიშნა გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, კარგად, დინამიურად ვითარდება სოფლის მეურნეობის მიმართულებაც.
„70 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამებით. მინდა, ბატონ მინისტრს გავახსენო, რომ რთველი ახლოვდება, ისევე, როგორც თხილის სეზონი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ“, – განაცხადა გახარიამ.