გიორგი გახარია - მოქალაქეებისთვის, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ფინანსური დახმარების გაცემა 28 იანვრიდან დაიწყება
ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ეპიდემიის მეორე ტალღის შედეგად.
„განაცხადების მიღება გაგრძელდება 20 თებერვლამდე, ხოლო 28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.