გიორგი გახარია - მოქალაქე რომ გამოგყვეს, დაგიჯეროს და გენდოს, პირველ რიგში, უნდა იყოს სრულად ინფორმირებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ პანდემიის კრიზისის დროს მიღებული გამოცდილების სხვა სფეროებში გადატანის საკითხზეც ისაუბრა.
გახარიას თქმით, ამისთვის საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტები, ვისი რეკომენდაციებიც შეიძლება, მოისმინო.
„აქ ბუნებრივად ერთი თვალსაჩინო პრობლემაა, რომელიც ზედაპირზეა. უნდა გყავდეს დარგის სპეციალისტები, ვისი რეკომენდაციებიც შეიძლება, მოისმინო. ბოლო -ბოლო, შესაძლებელია, ეს სპეციალისტები მოიწვიო და მათ რეკომენდაციებს მოუსმინო, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა იქნება პირველადი.
როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ, გლობალურ კრიზისზე, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, მოქალაქეების სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აქ თანამშრომლობის ხარისხი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გახარიამ.
ამასთან, პრემიერი მიიჩნევს, რომ მოქალაქის მზაობაც მაღალი უნდა იყოს, რათა დათანხმდეს იმ თამაშის წესებს, რომელსაც მაგალითად, მათ პროფესიონალების რეკომენდაციების საფუძველზე, ხელისუფლება სთავაზობს.
„არ არის ეს მარტივი საკითხი, საკმაოდ რთული ქიმიაა. ამასთან, თუ ამას დავამატებთ ჩვენს ემოციურ, პოლიტიკურ პროცესს, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ეს საკმაოდ რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია. ამიტომ ვთქვი, რომ მსგავსი მაგალითები აძლევს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეს, მეტი ნდობა ჰქონდეს ხელისუფლებისადმი და ხელისუფლებას მეტი ნდობა ჰქონდეს მოქალაქის. ეს ხომ გარკვეული კონტრაქტი იყო მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რა ისწავლა ხელისუფლებამ, – საქართველოს მთავრობის მეთაური ამ კითხვაზე საპასუხოდ აცხადებს, რომ მოქალაქის ნდობის მოსაპოვებლად, მნიშვნელოვანია პირველ რიგში მისი სრულად ინფორმირება.
„ხელისუფლების მოტივაცია ძალიან მარტივია. გაიხედეთ, რეგიონში რა ხდება და მიხვდებით, რა არის ხელისუფლების მოტივაცია. ხელისუფლება მიხვდა, იმისთვის, რომ მოქალაქე გამოგყვეს, დაგიჯეროს და გენდოს, პირველ რიგში, უნდა იყოს სრულად ინფორმირებული. მეორე, უნდა ხედავდეს, რომ მსგავსი, სიცოცხლესთან, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების დროს პირველ რიგში დგება არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა და ამბიციები, არამედ – მოქალაქეზე ზრუნვა.
ეს ამ სოლიდარობას აძლიერებს. თქვენ ხომ გახსოვთ, იყო რამდენიმე მკაცრი ღონისძიება, რომლის მიღებაზეც ჩვენ კიდევ ვმსჯელობდით და საზოგადოებრივი აზრი უკვე მზად იყო, ითხოვდა კიდეც ამ ღონისძიებების მიღებას. მათ ირწმუნეს, მიხვდნენ, რომ ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეზე ზრუნვა. ხელისუფლება ახერხებდა, ეს წარმატებით და ეფექტურად გაეკეთებინა. აქ მოხდა კავშირი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ საქართველომ შედარებით, ყველაფერი შედარებითია, გაართვა თავი პანდემიის პირველად ეტაპზე შეჩერებას, მართვას და ადაპტაციას“, – განაცხადა გახარიამ.