გიორგი გახარია - ადამიანები, რომლებიც სხდომათა დარბაზში მხოლოდ იმისთვის შემოდიან, რომ პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, მომავალს ვერ შექმნიან
პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოსმენა დასრულდა.
გიორგი გახარიამ შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაარსობრივ ნაწილზე რეაქცია არ ჰქონიათ, პოლიციას კი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე ზრუნავს, შეურაცხყოფა მიაყენეს. დღეს პოლიცია „დაჩმორებულად“ მოიხსენია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელემა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ.
„პირველ რიგში, მინდა, მივმართო საქართველოს რიგით მოქალაქეებს, თითოეულ პოლიციელს, თითოეულ მეხანძრე-მაშველს, თითოეულ მესაზღვრეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც დგას დღეს საოკუპაციო ხაზთან და პატრულირებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ რიგით თანამშრომელს, დღეს, ყველამ ერთად, დავინახეთ, რომ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ ჩვენ, ამ ქვეყანას უნდა მოვუაროთ ჩვენ ყველამ ერთად. როდესაც ადამიანები ნახევარი საათით შემოდიან მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ტელევიზიის ეკრანებზე გამოჩნდნენ და პოლიციელს „მიჩმორებული“ დაუძახონ, ეს ადამიანები ჩვენს მომავალს ვერ შექმნიან და მათ ბს ამ მომავლის შექმნის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, პირთა გარკვეული ჯგუფი სპეკულაციებისთვის იყენებს მაგალითად, დავით გარეჯის თემას, ასევე ადამიანების ტრაგედიას.
„აშკარად დავინახე, რომ საქმე გვაქვს ადამიანების გარკვეულ ჯგუფთან, რომელსაც შეუძლია, მარტივად, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, სპეკულაციისთვის გამოიყენოს დავით გარეჯი, პანკისი, ცალკეული, ინდივიდუალური ადამიანების ტრაგედია და ეს გააკეთოს მარტივად, მიზანმიმართულად, დაგეგმილად და ამით ეცადოს, მიიღოს პოლიტიკური დივიდენდი.
ყველაფერ ამისთვის, რაც აქ მოხდა, თითოეულ პოლიციელს მინდა მოვუხადო ბოდიში. მეგობრებო, თითოეულმა თქვენგანმა უნდა იცოდეთ, რომ უდიდესი ღირსებაა, ემსახურო საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებას, მის ჯანმრთელობას და მის ხვალინდელ დღეს. ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ებრძვით ხანძარს, იცავთ საზღვარს, დგახართ საოკუპაციო ხაზზე, ებრძვით კრიმინალს. ეს არის უდიდესი ღირსების საქმე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
მან მოუწოდა პოლიციელებს, მხნედ განაგრძონ თავიანთი საქმე.
„მოგიწოდებთ ყველას, ეს საქმე გავაგრძელოთ უფრო მხნედ, ორჯერ უფრო კონცენტრირებულად, უფრო ეფექტურად, რათა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მივცეთ საშუალება, ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი, უსაფრთხო, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა შეძლოს, იზრუნოს თავის შვილზე, ოჯახზე და შექმნას კეთილდღეობა ხვალინდელი დღისთვის“,-აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგა.