გიორგი გახარია - მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს სულ მცირე 20 მილიარდ ლარს
გიორგი გახარია - მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს სულ მცირე 20 მილიარდ ლარს

2012 წლიდან 2020 წლამდე საქართველოს მთავრობამ სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, კაპიტალურ ხარჯებში დახარჯა 23 მილიარდი ლარი, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წალენჯიხაში, გაზიფიცირების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დახარჯავს სულ მცირე 20 მილიარდ ლარს.

„საქართველოს მთავრობა 2021-2024 წლებში დახარჯავს ორჯერ უფრო მეტს. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება გზებს, გაზის გაყვანილობას, წყალს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს – ყველაფერ იმას, რამაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სულ უფრო და უფრო უნდა დააახლოოს ევროპულ სტანდარტებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზებისა და გაზიფიცირების შემდეგ სასმელი წყლით და საირიგაციო სისტემით უზრუნველყოფაა, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადაიჭრება.

„2024 წლისთვის საქართველოს 2 800 000 მოქალაქეს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპის საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას და ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად. ეს გეგმა უკვე არსებობას და არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყველგან – წალენჯიხაში, ზუგდიდში, თელავში, ბათუმში, ყველგან. როდესაც ვამბობთ, რომ დავხარჯავთ 20 მილიარდ ლარს. თითოეული ლარი უნდა მოხმარდეს ისეთ მიზნებსა და პროგრამებს, რომელიც მივა თითოეულ მოქალაქემდე, ოჯახამდე, იმის მიუხედავად, სად ცხოვრობენ ისინი. მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი ოთხი წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის ოთხი წელი.

ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემური ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანდაცვის ობიექტები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ სამართლიან და ევროპულ სახელმწიფოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.