გიორგი გახარია - მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების უპირობო აღდგენა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების უპირობო აღდგენა.
„ეს არის და ყოველთვის იყო ერთადერთი კომპონენტი, სადაც ჩვენ შეგვეძლო ჩვენი მოქალაქეების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა და ამ მექანიზმების შეზღუდვა, ისევე როგორც დროებითი გამშვები პუნქტების გრძელვადიანი გაჩერება, გრძელვადიანი შეზღუდვა გადაადგილებებზე, პირდაპირ არის რისკი ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართულებით“, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.
მან ასევე ისაუბრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა გავიხსენოთ პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. ეს არის ის პროაქტიული და საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა შორის ურთიერთობას და მისი კომპონენტი, აწარმოე უკეთესი მომავალი აძლევს საშუალებას ჩვენს მოქალაქეებს, ოკუპაციის იქითა ხაზზე, აქტიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში იყვნენ ჩართულები“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, პრემიერი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების ჯანდაცვის კუთხით მომსახურების საკითხს.
„ასეთი განაცხადი ამ საანგარიშო პერიოდში მიღებული გვაქვს 844. უმეტესი ნაწილი იყო დაკმაყოფილებული. რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო ის 19 დასახლებული პუნქტი, ე.წ საზღვრის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებული პუნქტები, რომლებმაც მიიღეს მაღალმთიანი სოფლის, დასახლებული პუნქტის სტატუსი. შეიძლება, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ ეს არის მცირე, ყურადღების და ზრუნვის გამომხატველი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.