გიორგი გახარია - მმართველი პარტია როცა შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია
არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არ ვართ არავის წინააღმდეგ, ვიქნებით მხოლოდ საქართველოსთვის მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ გორში, რეგიონული ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, ყველამ ერთად ააშენოს ძლიერი სახელმწიფო მომავალი თაობებისთვის, რისთვისაც გორიდან იწყებენ პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას.
„დღეს ჩვენ შიდა ქართლში, გორში ვხსნით პარტიის ახალ ოფისს, ეს არის საქართველოს შუაგულში, გორში პირველი ოფისი და ასე დაიწყება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია მუნიციპალური არჩევნებისთვის მონაწილეობის მისაღებად. მინდა, თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არ ვართ არავის წინააღმდეგ, ჩვენ ვიქნებით მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის, მიუხედავად იმისა, რას მოგვიგონებენ, როგორ იჭორავებენ და გაგვლანძღავენ, როგორ ჩაგვიქრობენ შუქს პრეზენტაციის დღეს, რომელიც დღეს აქ მოგვიწყვეს, მიუხედავას იმისა, რომ დაგვიხურავენ ოფისს, მიუხედავად იმისა, რომ ზეწოლას მოახდენენ და სამსახურიდან დაითხოვენ კი არა, უბრალოდ გამოყრიან ადამიანებს, რომლებიც წლებია, საჯარო მოსამსახურეები არიან, ემსახურებიან სახელმწიფოს და ქვეყანას. მიუხედავად ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ თითოეული მოქალაქის და ქვეყნის მსახურებას, რადგან მიგვაჩნია, რომ დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს, ყველამ ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო ჩვენი მომავალი თაობებისა და შვილებისთვის. ამიტომ ვიწყებთ გორიდან პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანიას.
მე ახლა ჟურნალისტი მეუბნება, რომ ზუსტად ისევე, როგორც ბათუმის ოფისის მეპატრონემ, ამ ოფისის მეპატრონემ უკვე შეგვიწყვიტა კონტრაქტის ხელშეკრულება და ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა. არა, მე ახლა ვგავარ წამებულს? წამებულს კი არ ვგავარ, ვერანაირი ტყუილებით, ვერანაირი შუქის ჩაქრობით, ოფისებიდან გამოგდებით, ვერანაირი სუს-ის მეთვალყურეობითა და თვალთვალით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, რადგან როდესაც მმართველი პარტია, ხელისუფლება იმდენად შეშინებულია, რომ თხზავს ტყუილს, შემდეგ ამ ტყუილს ავრცელებს მის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებებით, შემდეგ ამ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ტყუილზე მისივე პოლიტიკოსები იწყებენ კომენტარების კეთებას, ეს რას ნიშნავს? ეს არის უბრალოდ დაგეგმილი კამპანია, რომ მმართველმა ძალამ თავისი მხარდამჭერები, თავისი პარტიის წევრები დაარწმუნოს, რომ ჯერ კიდევ ჯანზეა და რაღაც შეუძლია, ეს ნიშნავს შეშინებულ ხელისუფლებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარიას განმარტებით, როდესაც მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია.
„როდესაც ხელისუფლება, მმართველი პარტია შეთხზული ტყუილებით ცდილობს, შეინარჩუნოს ძალაუფლება და ხელისუფლება, ეს დასასრულის დასაწყისია. ამიტომ მე წამებულის მანტიას კი არ ვირგებ, გეუბნებით, რომ პარტია „საქართველოს“ დღეს ჰყავს ყველაზე განათლებული, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე ეფექტიანი და ეფექტური ადამიანები თავის რიგებში. ამ ადამიანების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ეს ადამიანები, ახალგაზრდა პოლიტიკოსები, ყველანაირი შიშის გარეშე, პირველად სხდებიან ეთერებში, დებატებში გამოცდილ პოლიტიკოსებთან და იგებენ ამ დებატებს. უფრო მეტიც, იწვევენ მათ შორის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც. ნუ ღელავთ, ახალ ოფისს ავიღებთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.