გიორგი გახარია - მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ
მკაცრად დაიცავით რეგლამენტი, ეს მოგვცემს საშუალებას, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვას ვუპასუხოთ, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც პარლამენტში ინტერპელაციის წესით შეკითხვებს პასუხობს.
„მოგეხსენებათ, ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველა შეკითხვას, რომელიც დასმული იყო პანდემიასთან ბრძოლის კონტექსტში. თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ პარლამენტს, რეგლამენტს, კანონს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს.
ბატონო თავმჯდომარე, მინდა გთხოვოთ, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 11 საათი აქ ვიდექით და ეს იყო სულ ერთ დღის წინ, მკაცრად დაიცვათ რეგლამენტი. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენ ელემენტარულად, ხალხზე მეტი ვიზრუნოთ, ვიდრე ვიდგეთ აქ და ზოგიერთ დემაგოგიურ შეკითხვებს ვუპასუხოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.