გიორგი გახარია - მიწის სისტემური რეგისტრაცია არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ
მიწის სისტემური რეგისტრაცია არის უდიდესი მნიშვნელობის ღონისძიება, რომლის წარმატებაშიც ჩვენ დარწმუნებული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის უკვე გამოყოფილია დაფინანსება, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და დარეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.
„ყველაფერი, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, დახმარება ფერმერებისთვის, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ადამიანი, ვისაც შესაძლოა რაიმე მიზეზით დღეს მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, წლის ბოლომდე, რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და ეს დახმარება მათაც შეეხებათ. ეს ნიშნავს, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს, ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, არამედ ეს არის ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ეს არის ზრუნვა ქვეყნის აგრო-სასურსათო უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა მიწა, რომელიც მათ აქვთ სარგებლობაში და შეუძლიათ, იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ, რათა გახდნენ ბენეფიციარები ყველა პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მათ სასარგებლოდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.