გიორგი გახარია - მივმართავ ყველას, ერთობა თუ არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ლანძღვითა და ბრალდებებით არ დავაზიანოთ ევროინტეგრაციის პროცესი
გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შანსი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
„ასეთი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქვეყანა ელოდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ამის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება. მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს ხელისუფლება, როგორია ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, ვინ რა მოტივით ცდილობს, დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, ვინაიდან ევროპულ არჩევანში ჩვენმა ქვეყანამ მძიმე ფასი არაერთხელ გადაიხადა. ეს არის ჩვენი წინაპრებისა და ჩვენი ისტორიის საუკუნოვანი მიზანი. ეს არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის, ქვეყნის თავისუფალი, დემოკრატიული განვითარების და წარმატების გარანტი. ევროპას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება მხოლოდ დასაწყისი, გასავლელი გზა კი იქნება რთული და კომპლექსური.
„სტატუსი მხოლოდ დასაწყისია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროინტეგრაცია ვერ იქნება მარტივი გზა და შედეგი ვერ დადგება ერთ დღეში. კანდიდატის სტატუსის მოპოვება იქნება მხოლოდ დასაწყისი, გასავლელი გზა კი იქნება რთული და კომპლექსური, თუმცა ეს არის ჩვენი შვილების არჩევანი. ხოლო კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება იქნება წარსულში დაბრუნება. სტატუსის მოპოვების შემდეგ მნიშვნელოვანი სისტემური რეფორმები გვექნება გასატარებელი – კანდიდატის სტატუსის მონიჭებით, საქართველო თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა. კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბევრი მიმართულებით: საარჩევნო სისტემის დახვეწის, კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად; ეს რეფორმები არ კეთდება ევროკავშირისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლებას და ოპოზიციას კარგად უნდა ესმოდეთ, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის გადააბრალებს. მისი თქმით, დღეს საჭიროა ერთიანობა საერთო მიზნის მისაღწევად.
„ევროპული ოჯახის წევრობა არის უალტერნატივო არჩევანი, რომელიც ქვეყნის განვითარებას და კეთილდღეობას გარდაუვალს გახდის. ყველას, ხელისუფლებას და ოპოზიციას – კარგად უნდა ესმოდეს, რომ წარმატებული ქართული სახელმწიფოს მშენებლობის შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას ვერავინ ვერავის გადააბრალებს. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ ეპატიება არავის და პასუხი მოეთხოვება ყველას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა – ხელისუფლებას! დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება ერთიანობა, მიუხედავად ყველაფრისა. უნდა დავდგეთ ერთად, საერთო მიზნის მისაღწევად. ერთად დგომა და კომპრომისის უნარი არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვაკლია და რაც ჩვენს ევროპულ პერსპექტივას აზიანებს.
შესაბამისად, უარი უნდა ვუთხრათ დაპირისპირებას, პირადი ინტერესების ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დაყენებას, მიდგომას – „ვინც ჩემთან არ არის, ქვეყნის მტერია“. და როდესაც საქმე ეხება ეროვნულ საკითხს – ვისწავლოთ ერთად დგომა. ამიტომაც, მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ვთხოვ ჩვენს ეკლესიას, გავერთიანდეთ და დავდგეთ ერთად. მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი. თუ ეს ერთობა არ შეგვიძლია, დარჩენილ მცირე დროში მაინც გავჩუმდეთ, რათა ერთმანეთის ლანძღვითა და ბრალდებებით არ დავაზიანოთ პროცესი, რომლის დასრულებამდეც სულ რაღაც ოთხი კვირა დარჩა.
გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების. კანდიდატის სტატუსის ვერმიღება იქნება თითოეული ჩვენგანის მარცხი და ხელისუფლების პასუხისმგებლობა. სტატუსის მინიჭებით მიღებული გამარჯვება იქნება ყველას გამარჯვება, და რა თქმა უნდა, პირველ რიგში – იმ გმირების, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირა.
ბოლოს, ხვალ 26 მაისია მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.