გიორგი გახარია - მივიღეთ ცხრა პოლიტიკური გაერთიანება და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი, არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს
რეალურად, სად ვართ დღეს ჩვენ, პოლიტიკური პროცესის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციის თვალსაზრისით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს იქნება შედეგი, ეს იქნება ის, რაც დარჩება, როგორც შედეგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, კითხვა-პასუხის რეჟიმში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო კონკრეტული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის შედეგადაც ქვეყანაში საარჩევნო პროცესი გახდა ბევრად უფრო დემოკრატიული და საარჩევნო კანონმდებლობა შეიცვალა.
„ჩვენ დღეს გვაქვს ბევრად უფრო პროპორციული სისტემა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, საკანონმდებლო დონეზე, დადასტურდა, რომ 2024 წლის არჩევნები იქნებოდა სრულად პროპორციული. საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში, პოლიტიკური პლურალიზმი, როგორც ასეთი, არის დაკანონებული და ხდება პოლიტიკური პროცესის ძირითადი მდგენელი. ეს ჩვენმა მოქალაქეებმა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, გაიგეს ზედმიწევნით ზუსტად. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს, ასეთი რაოდენობის მოქალაქე მივიდა და მისცა ხმა, პანდემიის პირობებში. დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი მივიდა და რას მისცეს მათ ხმა? მათ მისცეს ხმა, მეტ პლურალიზმს პარლამენტში, მეტ წარმომადგენლობას პარლამენტში და საბოლოო ჯამში, თითოეულ თქვენგანს და იმ ბატონებსაც, რომლებიც დღეს აქ არიან, მისცეს კონკრეტული დავალება, მათ შორის ჩვენც, რომ გავუმკლავდით კრიზისს, მართეთ ქვეყანა ერთად და იზრუნეთ ჩვენზე ერთად. ეს არის პასუხისმგებლობა. ელემენტარულად, ამ პასუხისმგებლობის დელეგირება მოხდა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ რა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად, მივიღეთ ცხრა პოლიტიკური გაერთიანება, არ ვამბობ 1992-1993 წლის პარლამენტი იყო, მაშინ საერთოდ დემოკრატიის არანაირი გამოცდილება არ არსებობდა ქვეყანაში. ცხრა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს პარლამენტში და დაახლოებით 60 ოპოზიციური მანდატი. მე უბრალოდ არ მესმის, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა, დემოკრატიზაციის ეს მიღწევა არ გამოიყენოს. შეუძლებელია ამაზე ადეკვატური პასუხის გაცემა და საპირისპირო მხრიდან იყოს აშკარად პროცესი სახელმწიფო ინსტიტუტების და თვითონ სახელმწიფოს დელეგიტიმაციის, რომელიც დღეს, ყოველდღიურად გრძელდება“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განცხადებით, ამ ყველაფერს, შემდგომი არჩევნების პირობებშიც, საქართველოს მოქალაქე შესაბამის შეფასებას მისცემს.
„საბოლოო ჯამში, მე ასე ვაფასებ ამ პოლიტიკურ პროცესს, რადგან ვერავის ვაიძულებთ, იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და განახორციელოს ის მანდატი, ის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომელიც მას საქართველოს მოქალაქემ დააკისრა. ამას ხომ ძალით ვერ გავაკეთებინებთ ადამიანს, ეს მათი პოლიტიკური არჩევანის საკითხია. ამ პოლიტიკურ არჩევანს, ნაბიჯს და გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქე, როგორც კი მას ეს შესაძლებლობა ექნება და ექნება შემდგომი არჩევნების პირობებში, ვგულისხმობ მუნიციპალურ არჩევნებს, შესაბამის შეფასებას მისცემს. მე ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.