გიორგი გახარია - მიუხედავად რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არც ერთი დღე არ შეჩერებულა, 6 ათას ქართველ მძღოლს სამუშაო არც ერთი დღე არ დაუკარგავს
მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არც ერთი დღე არ შეჩერებულა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერმა სხვა საკითხებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებზეც ისაუბრა.
„სატვირთო გადაზიდვები საქართველოს ეკონომიკისთვის, არა მხოლოდ მომარაგებისთვის, არ ვსაუბრობ ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო მომარაგებაზე – პროდუქტი, ფქვილი, შაქარი, წამლები, და კიდევ ბევრი რამ… არა, ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია, რომლის უბრალოდ ხელიდან გაშვებაც შეიძლება, გამხდარიყო დიდი კონკურენტული პრობლემა, უბრალოდ ეს სატვირთო ნაკადები გადაეწყობოდა სხვა მიმართულებით. არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ ეს არის ათასობით სატვირთო მანქანა.
არც ერთი დღე, მიუხედავად უდიდესი რისკებისა, ტრანზიტი საქართველოს გავლით არ შეჩერებულა. დღეში ეს არის ათასზე მეტი სატვირთო მანქანა. ათასზე მეტი სატვირთო მანქანა დღეში ნიშნავს სულ მცირე, ორი ათასზე მეტ მძღოლს, რომელიც უაღრესად მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა და შტაბმა შეძლო ამ პროცესის მენეჯმენტი ისე, რომ ქვეყანას უბრალოდ ინფექციის განვითარებისა და აფეთქების რისკი არ შექმნოდა. თუმცა, ვერ გამოვიდა ხარვეზების გარეშე, მოგეხსენებათ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა, ქართველი მძღოლების მიერ ინფექციის შემდგომი განვითარების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ბოლო იყო მაგალითად ზუგდიდში, მაგრამ დღეს ეს პრობლემაც მეტნაკლებად მოგვარებულია.
„დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაღალ რისკებზე, ყოველთვის ვამბობთ შემდეგ რამეს – დღეს ინფექციის ახალი კერების აღმოსაჩენად ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი არის საკარანტინო ზონა და ეს არის ტრანზიტი. ამიტომ შესაბამის უწყებებს შტაბს, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს მიცემული აქვთ დავალებები, რომ სატრანზიტო ნაკადის მართვა იყოს უფრო ბევრად მარტივი“, – აცხადებს პრემიერი.
მისი თქმით, აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველ მძღოლებს, რომელთა რაოდენობა 6 ათასს შეადგენს, სამსახური არ დაუკარგავთ.
„როდესაც ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველ 6 ათას მძღოლზეა აქ სუბარი. 6 ათასი მძღოლი, რომელსაც არც ერთი დღით სამუშაო არ დაუკარგავს, პირიქით, მას სახელმწიფო ეხმარებოდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.