გიორგი გახარია - მიუხედავად დემოკრატიული პროცესებისა, რომელიც ხდება ქუჩაში, პარლამენტში, მედიაში, მთავრობა ბიზნესისა და ეკონომიკისთვის ყველაფერს გააკეთებს
თავისუფალი, წარმატებული და ძლიერი ბიზნესი მნიშვნელოვანია – როგორც ახალი, დამატებითი სამუშაო ადგილების შემქმნელი, ასევე, როგორც ქვეყნის განვითარების ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი წარადგინა და ხაზი გაუსვა, რომ ის იქნება ეფექტური მედიატორი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.
„ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი და სწრაფი კავშირი, რაც მიხეილ დაუშვილს აუცილებლად ექნება და თითოეული პრობლემა, რომელიც მასთან მივა, რამდენიმე წუთის ან საათის განმავლობაში მოხვდება ჩემთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის შეფასებით, სტაბილური გარემო ეკონომიკისა და ბიზნესისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„მსურს, დაგარწმუნოთ, რომ მიუხედავად დემოკრატიული პოლიტიკური პროცესებისა, რომელიც ხდება ხან ქუჩაში, ხან პარლამენტში, ხან მედიაში და სხვადასხვა ადგილზე, ბიზნესისა და ეკონომიკისთვის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს და მიაღწევს მიზანს, რომ გარემო იყოს სტაბილური განჭვრეტადი და რაც მთავარია, პოზიტიური. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს საარჩევნო წელიწადი, წყნარად, მშვიდად, ინვესტიციების, ახალი სამუშაოს ადგილების შექმნის და კიდევ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების თვალსაზრისით, უპირველესად, თქვენთვის იყოს პროგნოზირებადი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში აღმოიფხვრება ის გარკვეული ბიუროკრატიული გამოწვევები, რომლებიც ცალკეულ შემთხვევებში ბიზნესის წინაშე იდგა. დავები საბჭოს, ქონების მართვის, თუ სხვა მიმართულებებით.
„უახლოესი წლების განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ყველა ამ მიმართულებით ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა. ამას ექნება ქმედითი, სწრაფი, კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, პრინციპებზე დაყრდნობილი მუშაობის ხასიათი. ბიზნესისა და ეკონომიკისთვის პროგნოზირებადი და სტაბილური გარემო უნდა იყოს ძირითადი ამოცანა მომავალ წელს. მთავრობა და მე ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, თქვენი აღქმები და გადაცემის ეფექტი, რომელიც გაქვთ თქვენ, აქ მნიშვნელოვანია. ამიტომ უნდა ვიყოთ პარტნიორები და უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთად შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, გვყავდეს უფრო მეტი ძლიერი ქართული კომპანია და ერთად გავზარდოთ ქართული ეკონომიკა.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ბევრი სამუშაო გვექნება, წარმატებებსაც მივაღწევთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.