გიორგი გახარია - მიუხედავად არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესისა, ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე, მათ სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამას არავის ვაბრალებთ
წინა მოწვევის პარლამენტშიც, ოპოზიცია ხშირად იყო ბოიკოტის რეჟიმში და საკანონმდებლო კანონშემოქმედებით პროცესში დიდად თავს არ იწუხებდნენ, მაგრამ იქ, სადაც მედიააქტიურობის თემა იყო, პარლამენტში ყველა მოსვლის დროს მქონდა სიამოვნება, ოპოზიციასთან სხვადასხვა სახის, ზოგჯერ მწვავე დისკუსიაც მქონოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი, ასე იქმნება პოლიტიკა საპარლამენტო დემოკრატიებში.
„როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო დემოკრატია სრულად პროპორციული სისტემით საპარლამენტო რესპუბლიკა სრულად პროპორციული სისტემით, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ციკლში იქნება თუ შემდეგ ციკლში, სრულად შესაძლებელია, მოგვიწიოს კოალიციური მთავრობა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში ერთი პოლიტიკური ძალა ამბობს, ვაცხადებ ბოიკოტს და გავდივარ. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური არასიმწიფის მაჩვენებელი. მართლა რთული პროცესია, დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბების მძიმე პროცესი. ესეც უნდა გავიაროთ. ამიტომ ვამბობ, იმედი მაქვს-მეთქი. მართლა ასე ვფიქრობ – ზოგს შეეშინდა პასუხისმგებლობის აღების, ზოგი საერთოდ ვერ გაერკვა რა ხდება, ცნებების დონეზე ვერ მიხვდა რა ხდება პოლიტიკურ პროცესში და ზოგმა საკუთარი ეგო ვერ გადალახა. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ჩემი წილი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მიუხედავად არაჯანსაღი პოლიტიკური პროცესისა, ვიღებთ პასუხისმგებლობას ჩვენი თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ჯანმრთელობაზე, მათ სამუშაო ადგილებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ამას არავის ვაბრალებთ, პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა მიუხედავად იმ იმედისა, რომ ვიღაც შემოვა. შემოვა თუ არ შემოვა, მათ არავინ პასუხს არ მოსთხოვს. პასუხს მოგვთხოვენ ჩვენ და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც გააზრებული გვაქვს“, – განაცხადა პრემიერმა.