გიორგი გახარია - მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს არის პატიმარი
გიორგი გახარია - მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ ის დღეს არის პატიმარი

მირზა სუბელიანზეც გვეუბნებოდნენ, რომ ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სუბელიანი იმდენ ხანს იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში, რამდენსაც ქართული სასამართლო გადაწყვეტს.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად აბსოლუტურად ნეიტრალური უწყებაა.

„დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი დეტალებში ვისაუბრო ამ საქმეზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. თუმცა, დეტალურად ვიცი ყველა გეგმა, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად. გარწმუნებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს დეტალურ დონეზე. ვიცით ვინ, სად, როდის, რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძლევა გარანტიას, რომ არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.

„მინდა, აბსოლუტურად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.