გიორგი გახარია - მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია, რომ ის ფაქტორები თუ გამოვლინდა, რაზეც ვისაუბრეთ, კვალიფიკაცია შეეცვალოს
მიმაჩნია, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულიად საკმარისია, რათა გამოვლინდეს ის ფაქტორები, რომ კვალიფიკაცია შეეცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, მიიჩნევს, თუ არა შს მინისტრი, რომ გამოძიებაა დასაწყები, ხომ არ იყენებდა მირზა სუბელიანი მის სამსახურებრივ მდგომარეობას, ან პირად ნაცნობობას იმისთვის, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის.
„თქვენს თეორიულ შეკითხვაზე რაიმე გადაწყვეტილება მივიღოთ, უნდა დავადგინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი საბოლოო შედეგსა და მირზა სუბელიანის იმ აქტივობებს შორის, რასაც თქვენ აფასებთ. რეალურად მირზა სუბელიანი, რომელიც არც ვიცოდი მაშინ საერთოდ ვინ იყო და რას წარმოადგენდა, მაგრამ მას ამ საქმესთან ვინც აკავშირებს – შვილი და მისი ნათესავები, არის ერთეული მცირეოდენი ადამიანებისა, ვინც თანამშრომლობდა მაშინაც და დღესაც გამოძიებასთან. რეალურად დაველოდებით თქვენი კომისიის დასრულებას, რომლის ძირითადი მიზანიც არის, გამოავლინოს შესაძლო დარღვევები პროცედურული ან გადამეტება და ამის შემდგომ ვიმსჯელებთ. ამიტომ ვთანამშრომლობთ თქვენთან ასე ტრანსპარენტულად. ამ ეტაპზე მიმაჩნია, რომ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, ის არის დაკავებული და ეს სრულად საკმარისია იმისთვის, რომ თუ გამოვლინდა ის ფაქტორები, რაზეც მეც ვისაუბრე და თქვენც, კვალიფიკაცია შეეცვალოს”, – განაცხადა გახარიამ.