გიორგი გახარია - მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გადავუხადო მადლობა თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის
მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, იმ შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რუსთავში, „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ გლობალური გამოწვევა – პანდემია, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული პერიოდი ჯერ იქნება.
„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პანდემია, გლობალური გამოწვევა, ისევე, როგორც ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული პერიოდი, ჩვენთან ერთად იქნება. ყველამ უნდა შევამჩნიოთ ის მიღწევები, რომელიც გვაქვს. მაგალითად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, როდესაც ელემენტარული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგად ჩვენ შევძელით და ინფიცირებულების რაოდენობა ჯერ დავასტაბილურეთ და შემდეგ ჩამოვიყვანეთ ქვემოთ. მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მადლობა გადავუხადო იმ თანადგომისთვის, შემზღუდავი ღონისძიებების სწორად გაგებისა და შესრულებისთვის, რამაც მოგვცა შესაძლებლობა და დღეში გვყავს დაახლოებით 1 000-1 500 ინფიცირებული, როდესაც ერთი თვის წინ ეს ციფრი 5 000-ს უახლოვდებოდა“, – განაცხადა გახარიამ.
გახარიას განმარტებით, მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.
„აქ ყველაზე მთავარია, ყველას გვესმოდეს ის პირდაპირი კავშირი, რომელიც არის მაგალითად, ძალიან ელემენტარული, მარტივი წესების დაცვასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შორის. რაც უფრო ბევრი ადამიანი, ბევრი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ, რაც უფრო მეტი მოქალაქე დაიცავს ელემენტარულ წესებს, ეპიდემიოლოგების ელემენტარულ მოთხოვნებს, მით უფრო სწრაფად აღდგება ქართული ეკონომიკა. ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენს ბიზნესსაც, იმასთან ერთად, რომ მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორებს, ასევე მინდა, მოვუწოდო – უნდა გადავეწყოთ, დღეს სხვა ეპოქაა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა და ეკონომიკა სულ სხვანაირი იქნება. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში საქართველოში ნებისმიერი საქონლის სხვა კონტინენტიდან გამოწერა უფრო მარტივია, ვიდრე მეზობელ ქუჩაზე მდებარე მაღაზიიდან ინტერნეტის საშუალებით გამოიწერო და მარტივად მიიღო შეძენილი ნივთი. ამიტომ ყველაფერი უნდა გადავახალისოთ – როგორც მთავრობამ, ასევე ბიზნესმა. თითოეული ჩვენგანის ყველაზე მთავარი ამოცანა უნდა იყოს სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და საბოლოო ჯამში, კეთილდღეობის მიღწევა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ასე ერთად დავძლევთ ამ კრიზისს – როგორც ეპიდემიას, პანდემიას, ასევე ეკონომიკურს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.