გიორგი გახარია - მინდა, მოვუწოდო ბიზნესს, გახსნის შემდგომი ეტაპები ოპერირების წესებთან დაკავშირებით მეტ პასუხისმგებლობას ნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ეკონომიკა მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
„ყველას გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმის და მიუხედავად, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკის ფროტნზე, დღეს ეკონომიკა არის პრიორიტეტი. ნომერი ერთი – ეს არის შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში და აქ ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულები, რომ ვიყოთ კიდევ უფრო ეფექტურები“, – განაცხადა გახარიამ.
მან თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაიცვან ის ელემენტარული წესები, რომლებიც პანდემიამ ყოველდღღიურ ცხოვრებაში შემოიტანა.
„სოციალური დისტანცია, პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის წესები, ეს ყველაფერი, ამ წესების მკაცრი დაცვა, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ ეკონომიკაში, რომელიც მოგვიწევს და სულ ახლო პერიოდში დაიწყება ტურისტისთვის, ტურიზმისთვის, ეკონომიკური განვითარების თითოეულ სექტორსა და სფეროში“, – განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიამ მიმართა თითოეულ ბიზნესსოპერატორსა და ბიზნესს. პრემიერ-მინისტრმა კომპანიებს მოუწოდა, გაითვალისწინონ, რომ გახსნის შემდგომი ეტაპები ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.
„მინდა, თითოეულ ბიზნეს-ოპერატორს და ბიზნესს მოვუწოდო, რომ გახსნის შემდგომი ეტაპი, რომელსაც ჩვენ დღეს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს უფრო მეტ პასუხისმგებლობას მათი მხრიდან ოპერირების წესებთან დაკავშირებით.
დღეს ჩვენი დავალებით შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნეს-ოპერატორს დაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება, თუ სად უნდა მოიძიონ ის წესები თითოეული სექტორისთვის, როგორიც არის ვაჭრობა, წარმოება, სხვადასხვა სახის მომსახურება, რათა ეს წესები იყოს ცნობილი ყველასთვის. ეს წესები არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა იმ ეკონომიკური აქტივობის გახსნა, რომელსაც დღეს დავაანონსებით, რა თქმა უნდა, სრული პასუხისმგებლობით გულისხმობს იმ ახალი წესების შესრულებას რომლებიც მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დაწესებული“, – განაცხადა გახარიამ.