გიორგი გახარია - მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე ქართველ სამხედროებს, ეს ხალხი ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იყო და უაღრესი მადლობა ეკუთვნით
მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ღონისძიებებისთვის, რომელიც მან მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში ჩართული იყო 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს. არაფერს ვამბობ კომენდანტის საათისა და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე, ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
მთავრობის მეთაურმა, აგრეთვე, მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს.
„4 800 ქართველი სამხედრო, რომლებმაც დატოვეს მათი დისლოკაციის ადგილები და ეხმარებოდნენ ქვეყანას, არა მხოლოდ, როგორც უბრალოდ ბლოკპოსტების მენეჯმენტის ნაწილში. არა, ეს იყო მაღალი კვალიფიკაციის ექიმები. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო გორის ჰოსპიტალს, რომელიც საერთაშორისო შეფასებებითაც ქვეყანაში ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით იყო საუკეთესოდ მომზადებული და ორგანიზებული სამედიცინო დაწესებულება და ერთ-ერთ საუკეთესო დაწესებულებად რჩება დღესაც“, – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას, ასევე, მადლობა გადაუხადა მთავრობის ადმინისტრაციის რიგით თანამშრომლებს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ის, რაც სწრაფად შეძლეს, გაეკეთებინათ მთავრობის ადმინისტრაციის რიგით თანამშრომლებს, რომლებმაც სწრაფად შექმნეს პლატფორმა stopcov.ge. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა მომენტალურად. მეც, ბევრჯერ, როდესაც დამჭირვებია რაღაც ინფორმაცია, პირველად შევსულვარ იქ. უბრალოდ შეიძლება, ადამიანს ვერ დაურეკო, დაკავებული იყოს, უნდა გადმოგირეკოს, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ამ პლატფორმაზე არ ყოფილიყო აქტუალური ინფორმაცია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.