გიორგი გახარია - მინდა, აღვნიშნო მაშველი ზურა მუზაშვილი, გმირი ადამიანი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად დაიღუპა
გიორგი გახარია - მინდა, აღვნიშნო მაშველი ზურა მუზაშვილი, გმირი ადამიანი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად დაიღუპა

მინდა, აღვნიშნო მაშველი ზურა მუზაშვილი, გმირი ადამიანი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ თავად დაიღუპა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „მზიურის“ განახლებული პარკის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყნისთვის და ამ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ტრაგიკული დღეა.

„2015 წელი, 13 ივნისი – ეს დღე ყველას გვახსოვს, ეს იყო შოკისმომგვრელი სტიქია თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას გვახსოვს,რა მძიმე იყო პირველი წუთები, იმის გააზრება, რა მოცულობის და მასშტაბის იყო ეს სტიქია. ეს თითოეულმა თბილისელმა წუთების განმავლობაში გაიაზრა. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სტიქია, რომელსაც შეეწირა ჩვენი 21 მოქალაქის სიცოცხლე. ჩვენი ორი მოქალაქე დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ასობით ადამიანმა განიცადა სერიოზული ზარალი. მინდა, აღვნიშნო ზურა მუზაშვილი, მაშველი, გმირი ადამიანი, რომელმაც რვა მოქალაქე გადაარჩინა, წყლიდან გამოიყვანა, მაგრამ ის თავად დაიღუპა. ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ეს დღე, ეს სახელი და ეს ადამიანები. ეს არის უდიდესი ტკივილის დღე, მაგრამ როგორც ქართველებს გვჩვევია, სანამ რაღაც დიდი გამოწვევა არ გვაქვს, არ გავერთიანდებით. ეს არის დღე, როდესაც ახალგაზრდებმა მოგვცეს უდიდესი მაგალითი. ერთიანობის, სოლიდარობის და ერთმანეთზე ზრუნვის. ეს ის მაგალითია, რომელიც ჩვენთან ერთად უნდა დარჩეს და სადღაც, ბოლოში სინათლე დაგვანახოს. ეს ის მაგალითია,რომელიც დღეს ჩვენ ასევე გვჭირდება, როდესაც გვაქვს სერიოზული გამოწვევა, სერიოზული ეპიდემია. ეს ახალგაზრდები არიან იმედის და მაგალითის მომცემი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.