გიორგი გახარია - მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან
გიორგი გახარია - მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მოძღვარმა გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში და როდესაც ვიღაცა საუბრობს 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულირების თემაა.

„როდესაც ვიღაცებს უნდათ პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს გარკვეული სენსიტიური საკითხები, რომელიც მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის, თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს ნიშნავს და არაფრად ღირს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია, როგორც სახელმწიფოს, ასევე, ეკლესიასაც,“- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ რა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა მარნეულში ვირუსის შიდა გადაცემა, პრემიერმა ასე უპასუხა:

„ეს იყო ჩვეულებრივი წლისთავი, რომელსაც ესწრებოდნენ ორი მუნიციპალიტეტიდან და, აგრეთვე, ქვეყნის გარედან ჩამოსული სტუმრები,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.