გიორგი გახარია - მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს
მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, როდესაც კრიზისი დაიწყო, საქართველოს მთავრობა მაშინვე გამოვიდა სხვადასხვა ინიციატივით, მათ შორის კომუნალური ხარჯები, სესხების გადავადება, მიზნობრივი მხარდაჭერა ტურისტული სექტორისთვის, თუმცა ზუსტად ერთ თვეში ნათელი გახდა, რომ ეს ზღვაში წვეთია.
„შემდგომ დავსხედით, ვიმუშავეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მოვიზიდეთ დამატებითი რესურსები, გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ადამიანმა, რომელმაც დაკარგა სამსახური, ექნება 1200 ლარი ექვსი თვის განმავლობაში, თვითდასაქმებულებს 300 ლარი, მრავალშვილიან ოჯახებს და ა.შ. ამის შემდგომ, ყველანი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვემზადებოდით და ეფექტურად ვმართავდით ეპიდემიის გავრცელებას, ვემზადებოდით, რათა ქვეყანაში საზღვრებს გავხსნიდით და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სექტორს, ტურიზმს ავამუშავებდით. ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის უდიდესი. ეს იყო ძირითადი გათვლა, იმედი გვქონდა, რომ დაახლოებით ივნისის თუ არა, ივლისის თვეში უკვე ტურიზმის ნელ-ნელა აღდგენას დავიწყებდით და ქვეყანაში შემოსავლები გაიზრდებოდა, შემოსავლები, რომლებიც ეხება უამრავ ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანს, რესტორნებში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პირდაპირი ფრენები აღვადგინეთ მაგალითად, მიუნხენთან, პარიზთან ვენასთან და კიდევ რამდენიმე ქალაქთან, ყველა ერთად ვხედავთ, რომ ეს ზღვაში წვეთია. თითო-ოროლა ტურისტს თუ იპოვნით თბილისში მოსეირნეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, გლობალურ ეკონომიკაშიც არის კრიზისი და არავინ არ ფიქრობს, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალს ვინმე იპოვის წლის ბოლომდე, ან თუნდაც მომავალი წლისთვის.
„ყველას კარგად გვესმის, რომ შევდივართ გრძელვადიან, ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. ამიტომ მთავრობის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, არის დაეხმაროს მოქალაქეებს, რათა შედარებით შევინარჩუნოთ ის სოციალური მინიმუმი, რომელსაც ეს ადამიანები მიჩვეული არიან. დღეს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები ბავშვები არიან და ამიტომ მიზნობრივად ამაზე უფრო სწორი ჯგუფის ამორჩევა შეუძლებელი იყო.
რა გგონიათ, ეს ერთ დღეში გადაწვტყვიტეთ და მარტო ჩვენ? ეს გადავწყვიტეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიოერბთან ხანგრძლივი დისკუსიების შემდგომ. მწირი რესურსის გათვლითა და სამართლიანი, გონივრული გადანაწილების გზით მივედით იქ, სადაც მივედით. რომ არ გვქონოდა stopcov ფონდი, ამას ვერ გავაკეთებდით. ასეთი რაოდენობით ვერ დავეხმარებოდით ბავშვებს“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა სოციალური დახმარება კიდევ განხორციელდეს.
„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს ოჯახებს იმისთვის, რომ ბავშვებზე გათვლილი სოციალური მოხმარების დონე როგორმე შევინარჩინოთ. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი სოციალური პაკეტის გამოცხადება მოგვიწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.