გიორგი გახარია - მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც აქვს, მაგრამ უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახისა და საზოგადოების მორალურ მდგომარეობას
შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა, რა თქმა უნდა, საკითხს ვაკონტროლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებით მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს.
„მედია საერთოდ თუ რაღაცას წინ უსწრებს, ეს ძალიან ცუდია, ეს არის უაღრესად ცუდი, რადგან მედია ავრცელებს ვერსიებს, რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ეს არის ვერსიები. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ უნდა გავუფრთხილდეთ უპირველესად ოჯახის მორალურ მდგომარეობას და ჩვენი საზოგადოების მორალურ მდგომარეობასაც.
მე ვიქნები ამაში პირადად დაინტერესებული, თუკი იქ რაიმე არასწორად იყო გაკეთებული. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა გამოვიძიოთ საქმე და ვნახოთ, ვინ იყო დამნაშავე. ამის შემდეგ, თუ იქ რაღაც არასწორად იყო გაკეთებული, ეს ცალკე გამოძიების საგანია, რომელიც აუცილებლად ჩატარდება და ყველა ის ადამიანი, რომელმაც არაკეთილსინდისიერად შეასრულა თავისი მოვალეობა, იქნება დასჯილი.
შიდა საქმეებში, შიდა გამოძიებაში, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას ვერ მივიღებ, თუმცა რა თქმა უნდა, საკითხს ვაკონტროლებ“, – განაცხადა გახარიამ.