გიორგი გახარია - მეც შემიძლია, გამოვიდე და მქონდეს სურვილი, თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი, მაგრამ საქართველო ვერც ერთ დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული
აბსოლუტურად გააზრებულად იყო გაკეთებული, რომ ჩვენ მოქალაქეთა დახმარება ვადაში გავჭიმეთ ექვსი თვით. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის მინიმუმი, რათა ელემენტარული მდგრადობა იყოს მათ ყოველდღიურ გასავლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ეს არ იყო რაღაც უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები, რომ ამდენს მოგცემთ, 1000 ლარი ოჯახს, 5000 ლარი პეტრეს და მერე კიდევ პავლეს რაღაცები. გაითვალისწინეთ ერთი რამ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა: საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე მეც შემიძლია, გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ყველას ეს სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება, თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენი კონკრეტული, გრძელვადიანი ღონისძიებები დავაანონსეთ მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული უკვე ვიცოდით გეგმით, სად მივდიოდით და შესაბამისად შეთანხმებული ჩვენს საერთაშორისო დონორებთან. სწორედ ამის შემდგომ გამოცხადდა ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ოფიციალური სამსახური და ოფიციალური შემოსავალი 1200 ლარის დახმარება ექვსი თვის განმავლობაში. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს ბიუჯეტში მსგავსი მუხლით ამ ადამიანებისთვის არის დარეზერვებული 450 მილიონი ლარი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა სამუშაო ადგილების შენარჩუნების თვალსაზრისით გატარებულ ღონისძიებებზე, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირებაზე. ასევე, თვითდასაქმებულთა და მოქალაქეთა სხვა ჯგუფების დახმარებაზე.
„გარდა ამისა, იმისთვის, რომ კომპანიებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები და ამით მივხმარებოდით ჩვენს მოქალაქეს, ყველა კომპანიის საშემოსავლო გადასახადი 150 ლარის ოდენობით, რომელიც შეეხო 750 ლარზე ნაკლებ ხელფასს, ესეც დაასუბსიდირა სახელმწიფომ. ეს იყო ღონისძიება, რომელიც აძლევს კომპანიას შესაძლებლობას, ჰქონდეს მეტი ლიკვიდობა და უბრალოდ ნაკლები ადამიანი გაუშვას სამსახურიდან. თვითდასაქმებულები, რომლებიც შეძლებენ ელემენტარულად დადასტურებას, რომ მათ სტაბილურად თვეში ჰქონდათ რაღაც სახის შემოსავალი, ისინი მიიღებენ ერთჯერადად 300 ლარის დახმარებას. ადამიანები და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 100 000-მდე, ესენი არიან ჩვენს სოციალურ ქსოვილში, ჩვენს სოციალურ ჯგუფში, ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი ადამიანები და ოჯახები, მათ განესაზღვრათ 600 ლარის დახმარება. მრავალშვილიან ოჯახებს, და ასეთი არის 22 000 ოჯახი, განესაზღვრათ ასევე 600 ლარის დახმარება. შშმ პირებს, რომლებიც არიან 40 000, მათაც განესაზღვრათ 600 ლარის ოდენობის დახმარება. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება. ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა და კიდევ რაღაცა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური დახმარება. აბსოლუტურად გააზრებულად იყო გაკეთებული, რომ ჩვენ ეს დახმარება ვადაში გავჭიმეთ ექვსი თვით. მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ეს არის მინიმუმი, რათა ელემენტარული მდგრადობა იყოს მათ ყოველდღიურ გასავლებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.