გიორგი გახარია - მე თავმდაბლობით ვუდგები დადებით საერთაშორისო შეფასებებს, რადგან ჩვენ ჯერ ბრძოლის შუა გზაზეც არ ვართ
მე საკმაოდ თავმდაბლურად შევაფასებდი ამ ყველაფერს, რადგან მესმის, რომ ჩვენ ჯერ ბრძოლის შუა გზაზეც არ ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელსაც „კოვიდ 19-თან“ ბრძოლაში საქართველოს შესახებ დადებით საერთაშორისო შეფასებებზე ჰკითხეს.
პრემიერის თქმით, საბოლოო შედეგების შეფასება ჯერ ადრეა.
„მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვებთან შედარებით, შეიძლება, საკმაოდ ოპტიმისტურად გამოვიყურებით, საბოლოო შედეგების შეჯამება ჯერ ადრეა, რადგან პანდემიის საბოლოო დამარცხებას ერთი კვირა, ერთი თვე და შეიძლება, ერთი წელიც არ ეყოს, მაგრამ საბოლოო გამარჯვების ნიშანი მაინც იქნება ეკონომიკის აღდგენა, სამუშაო ადგილების აღდგენა, იმ სასტარტო ნიშნული აღდგენა, რომლითაც ჩვენ დავიწყეთ 2020 წელი. ეს არის მთავრობის, ხელისუფლებისა და მთლიანად გუნდის მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, აქ ბალანსი უმნიშვნელოვანესია.
„არანაირი ფასი არ ექნება პანდემიასთან ეფექტურ გამკლავებას, თუ ჩვენ დავკარგეთ ეკონომიკის აღდგენის პოტენციალი, თუ ჩვენ კრიტიკულად გაგვეზარდა სოციალურად დაუცველების რაოდენობა, თუ ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის რესურსი აღარ დაგვრჩა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ კითხვას მე უფრო თამამად შევძლებ, დავუბრუნდე, სადღაც შემოდგომისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.