გიორგი გახარია - მე რაც ვიცი, ქალბატონი სალომე ყოველთვის საუბრობდა, რომ წარმოიდგენდა თავის თავს, როგორც პრეზიდენტს, არ ყოფილა მის პრემიერობაზე მსჯელობა, თუმცა შეიძლება, არ იყოს ცუდი იდეა
ჩვენს პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს ჩემი პარტიის მხარდაჭერა, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ არა მხოლოდ მხარი დავუჭიროთ, არამედ წარვადგინოთ, როგორც პრეზიდენტი მეორე ვადით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
გახარიას კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.
„ჩვენი მთავარი მიზანია, „ოცნება“ გავუშვათ ოპოზიციაში ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდეს, ჩვენ ამაზე ვართ კონცენტრირებული. პრეზიდენტს ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდა დასავლეთში და ის დაპირებები, რომლებიც მან ჩამოიტანა ევროპელი პარტნიორებისგან, არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, სხვა ყველაფერი თეორიაა. მე რაც ვიცი და რა ინფორმაციაც მაქვს ქალბატონი სალომე ყოველთვის საუბრობდა, რომ ის წარმოიდგენდა თავის თავს, როგორც პრეზიდენტს. არ ყოფილა მის პრემიერობაზე მსჯელობა, თუმცა შეიძლება, ეს სულაც არ იყოს ცუდი იდეა. მთავარი მიზანი დღეს არ არის ტექნიკური მთავრობა, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია და მიუღებელია ნებისმიერი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. ჩემთვის ეს არის მიუღებელი და არ აქვს არანაირი ახსნა, თუ რატომ უნდა ჩატარდეს ერთ წელიწადში რიგგარეშე არჩევნები, ეს ყველამ კარგად იცის და მათ შორის პრეზიდენტმაც. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნებაც“ დამარცხდეს და „ნაციონალური მოძრაობაც“. ამ მიზნის მისაღწევად ტექნიკური მთავრობაც შეიძლება, იყოს ოფცია, სხვა ოფციებიც შეიძლება, არსებობდეს, ამიტომ წინასწარ საუბარი ძალიან ჰგავს მარჩიელობას. მინდა, მოვუწოდო ყველას, კონცენტრირდით კამპანიაზე, არ გავაკეთოთ ისე, რომ „ქართულ ოცნებას“ დამატებითი ახალი ენერგია არ შევძინოთ“, – განაცხადა გახარიამ.