გიორგი გახარია - მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს, მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება
არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული, რადგან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს,მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდში, ოპოზიციის კომენტარი, ნარატივი, იყო აბსოლუტურად ცარიელი შინაარსისგან.
„რეიტინგები, გრუ, ჩატებიდან ამოღებული რაღაც. სამწუხაროა, ეს ყველაფერი. თემა არის შემდეგში, მე არანაირი რეიტინგები და კვლევები არ მჭირდება, მათ შორის ოპოზიციური ტელევიზიების ან პარტიების გაკეთებული. მარტივი მიზეზის გამო, ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ხალხთან, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში. ყველაზე სწორი არის ეს შეგრძნებები და მე ჩემი საკუთარი რეიტინგი მაქვს მერე გაგიმხელთ, არჩევნები რომ დამთავრდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კითხვაზე, არჩევნების შემდეგ ოპოზიცის ხმების დაცვის სახელით აქციების გამართვას ხომ არ გეგმავს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიღაცის ფანტაზიებში რაღაც შეიძლება დაიბადოს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლებას, ვიდრე ის შეესაბამება სამართლებრივ წესებსა და ნორმებს, არაფერი ემუქრება.
„პოლიცია დაიცავს თითოეულ მოქალაქეს. როგორც კი, ეს გავა ზღვარს, რისკს შეუქმნის სხვა მოქალაქეს ან შენობებს, რა თქმა უნდა, პოლიცია იმოქმედებს თავის მანდატში, კანონის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.