გიორგი გახარია - მე არანაირი პრობლემა არ მაქვს თითოეულ ახალგაზრდასთან, ვინც გარეთ დგას, ვესაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა
მე არანაირი პრობლემა არა მაქვს თითოეულ ამ ახალგაზრდასთან, თუნდაც დღეს აქ, სტუდიაში რომ დავუძახოთ, ვინც გარეთ დგას მათ წარმომადგენლებს და ვესაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში, კითხვაზე, რას ეტყოდა ახალგაზრდებს, აქციის მონაწილეებს.
მინისტრის თქმით, აუცილებელია ერთმანეთის მოსმენა.
„ყველამ, პირველ რიგში, იმ აქტიურმა ახალგაზრდებმა, რომლებიც დგანან დღეს აქციაზე, არ აქვს მნიშვნელობა რას ითხოვენ, უნდა გავითვალისწინოთ და გავითვითცნობიეროთ ერთი რამ – უდიდესი პასუხისმგებლობაა, მაშინ, როდესაც თვლი, რომ მოქმედებ ყოველდღიურად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არ აქვს მნიშვნელობა, ხარ თანამდებობაზე, იკავებ რამე პოზიციას, დგახარ აქციაზე, ხარ პოლიციაში, ხარ ჯარისკაცი, როდესაც თვლი, რომ შენი ქმედება განპირობებულია არა შენი სუბიექტური, ინდივიდუალური ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საყოველთაო, საზოგადოებრივი და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლოთ ერთი რამ, რომ ვუსმინოთ ერთმანეთს. მე არანაირი პრობლემა არა მაქვს თითოეულ ამ ახალგაზრდასთან, თუნდაც დღეს აქ, სტუდიაში რომ დავუძახოთ, ვინც გარეთ დგას მათ წარმომადგენლებს და ვესაუბროთ იმაზე, რაც მათთვის საინტერესოა“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, პოლიცია ყოველთვის დაიცავს მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, მაგრამ როგორც კი აქცია ძალადობრივი გახდება, სახელმწიფო ვალდებულია, იმოქმედოს.
„მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც აქცია, გამოხატვის თავისუფლება არის მშვიდობიანი, პოლიცია ყოველთვის იზრუნებს მათზე, როგორც ზრუნავდა აქამდე, როგორც ზრუნავს დღეს, ასევე იზრუნებს ხვალ. მაგრამ როგორც კი, არა აქვს მნიშვნელობა რის გამო, ეს აქცია გახდება ძალადობრივი, მიიღებს შტურმის, პოლიციაზე ან სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევის სახეს, უნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო, პოლიცია ვალდებულია, იმოქმედოს, დაიცვას სახელმწიფო, სახელმწიფო ინტერესები და ინსტიტუტები, რათა ამ ახალგაზრდებმა იცხოვრონ დემოკრატიულ, ნორმალურ ქვეყანაში და არა, ქაოსში, გაიზარდონ და თავისი მომავალი დაუკავშირონ ქვეყანას, სადაც კანონი და სამართალი არის უზენაესი და არა ძალადობა და პოლიტიკური წესწყობილების შეცვლა ფიზიკური შეტევებით პარლამენტზე. ამიტომ დაველოდოთ არჩევნებს“, – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, მისი შეფასებით, ამომრჩეველი აუცილებლად დასჯის ძალას, რომელიც მიემხრობა რადიკალიზაციას.
„ვინც არ უნდა იყოს, ოპოზიცია იქნება თუ მმართველი ძალა, ვინც უფრო მიემხრობა რადიკალიზაციას, გაზრდის რადიკალიზაციის ტემპერატურას, ამომრჩეველი მას დასჯის. დარწმუნებული ვარ ამაში და ამას არჩევნები აჩვენებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ.