გიორგი გახარია - მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება.
„ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთებით წელს გაიზარდა პენსია პენსიონერებისთვის 20 ლარით. მიუხედავად მძიმე ეკონომიკური კრიზისისა, პირველი ივლისიდან პენსიის ზრდა გაგრძელდება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ მივმართეთ ინიციატივით პარლამენტს, რომ პენსიის მუდმივი ინდექსირება მოხდეს ინფლაციის მიმართებით და 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის ამას კიდევ უნდა დაემატოს ეკონომიკური ზრდის პროცენტის 80 პროცენტი“,- განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ეს საკმარისი არ არის.
„ჩემთვის უკიდურესად მძიმეა ამ თემებზე საუბარი მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საკმარისზე ბევრად ნაკლები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ჩვენ კრიზისში ვართ. ძალიან კარგად მესმის, რომ ყველა ამ ციფრის უკან დგას ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება, მძიმე ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში და ზოგ შემთხვევაში ეს ცხოვრება უმძიმესი ტრაგიზმით არის გამსჭვალული, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში გადავდგით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები იმასთან მიმართებაში, რომ დინამიკა სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით, ქვეყანაში თითოეული მოქალაქისთვის იმედისმომცემი მაინც ყოფილიყო“,- განაცხადა გახარიამ პარლამენტში.