გიორგი გახარია - მართლწესრიგის ოფიცერი არის ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებაზეა ორიენტირებული
მართლწესრიგის ოფიცერი არის ინსტიტუტი, რომელიც პრევენციასა და საზოგადოებაზეა ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მართლწესრიგის ოფიცერი არის კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციის გაჩენის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.
„მართლწესრიგის ოფიცერი პირველი რეალური ნაბიჯია, რომელიც კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ნაწილში გადავდგით. ზუსტად ერთი კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების დაწყებიდან შესრულდა ერთი წელი. მართლწესრიგის ოფიცერი არის კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციის გაჩენის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, კონკრეტულად კი, მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით“, – განაცხადა შს მინისტრმა.
გიორგი გახარიას განცხადებით, მართლწესრიგის ოფიცერი არის ინსტიტუტი, რომელიც პრევენციასა და საზოგადოებაზეა ორიენტირებული. მისი თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ, უმკაცრესად შეირჩნენ, მათ სპეციალიზებული კურსები გაიარეს.
„ეს გახლავთ თანამედროვე ნაბიჯები, რომელიც ევროპის ყველა წარმატებულმა ქვეყანამ გაიარა. ეს ის ხალხია, რომლებმაც უნდა აღადგინონ და გაამყარონ ნდობა მოქალაქესა და პოლიციას შორის. ის ხალხია, რომელსაც თითოეული მოქალაქე კარს მშვიდად, წყნარად და სიხარულით გაუღებს. ის ხალხი უნდა იყოს, რომლებიც ჩვენი თითოეული მოქალაქისა და ოჯახის მზრუნველი მეგობრები უნდა იყვნენ. მერწმუნეთ, ასეც იქნება.
ახალგაზრდებმა, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ, უმკაცრესი შერჩევა და სპეციალიზებული კურსები გაიარეს. კურსების შედგენაში ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობდით. როგორც ევროპის, ასევე ამერიკის საუკეთესო პრაქტიკები წამოვიღეთ. დარწმუნებული ვარ, ეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ამას მოჰყვება უკვე დაანონსებული და გადამზადების პროცესში დაწყებული საგამოძიებო კომპონენტი, რომელიც ასევე კრიმინალური პოლიციის ინტელექტუალური ცენტრი უნდა იყოს. შემდგომ კი, ოპერატიული ნაწილი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში დღეს თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა.