გიორგი გახარია - მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტს, რომელიც 17-18 ნოემბერს შედგება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ მაღალი დონის, როგორიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა.
„რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებს, უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი არის ის თემები, რომლებზეც ჩვენ ვემზადებით სასაუბროდ და რომლებიც შემოთავაზებული იყო სასაუბროდ ჩვენი კოლეგების მხრიდან. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ქვეყნის, სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, ეს არის საქართველოს მეგობრის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გააღრმავოს დღეს ისედაც მაღალ ნიშნულზე მყოფი სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სა და საქართველოს შორის, განსაკუთრებით, დღეს რეგიონისთვის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიც არის, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზეც, უსაფრთხოებაზეც და მომავალზეც სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს. ამიტომ, მიუხედავად „კოვიდისა“, გლობალური პანდემიისა, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც ჩვენ ვართ, ახლა სრულად კონცენტრირებული უნდა ვიყოთ ამ ვიზიტის მოსამზადებლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაიკ პომპეოს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 17 ნოემბერს ორდღიანი ვიზიტით ეწვევა.