გიორგი გახარია - მადლობელი ვართ საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, რომელთა დახმარებით სერიოზულ ინვესტიციებს განვახორციელებთ ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად
ჩვენ უაღრესად მადლობლები ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, რომელთა დახმარებითაც ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს განვახორციელებთ ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად უახლოეს პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ამ კრიზისს გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს და ძირითადი ამოცანაა, რომ ქვეყანამ გაიაროს ადაპტაცია და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია.
„ჩვენ უაღრესად მადლობლები ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, რომელთა დახმარებითაც ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს განვახორციელებთ ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად უახლოეს პერიოდში. ჩვენ ამ კრიზისს ვუყურებთ, როგორც გრძელვადიანს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ქვეყანამ გაიაროს ადაპტაცია და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია. შეიძლება ამ ინფექციამ ძალა დაკარგოს, ერთ, ორ წელიწადში, მაგრამ შეიძლება ახალი გაჩნდეს. ჩვენს გლობალურ სამყაროში ვირუსი ხდება ყველაზე სერიოზული გამოწვევა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საქართველოში სრული ლოკდაუნი არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მობილობა მსხვილი ბლოკებით შევზღუდეთ, ადამიანებისთვის სახლიდან გამოსვლა, გარდა საკომენდანტო საათისა, არ შეგვიზღუდავს. ეს არ იყო სრული „ლოკდაუნი“. ამიტომ, ამას კიდევ მეტი გამოწვევა ჰქონდა. ამიტომ, ჩვენ ცოტა უფრო წინ მივდივართ და ვუყურებთ, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ ჩვეულებრივ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.