გიორგი გახარია - მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ლუგარის ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში
გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე და მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, კახეთში განაცხადა.
პრემიერ მინისტრმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა ლუგარის ლაბორატორიის შექმნაში მიღებული წვლილისთვის.
„ჩვენ დღეს თუ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და შემიძლია გითხრათ, რომ თუ მაგალითად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ლუგარის ლაბორატორია, რომელზეც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში. თუ NCDC მაგალითად ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში დღეში 100-150 „პისიარ“ ტესტს აკეთებდა, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 „პისიარ“ ტესტი. ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლომდე ჩვენ, საქართველოში უნდა შეგვეძლოს 100 000 „პისიარ“ ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.