გიორგი გახარია - მადლობა დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც მოამზადა სპეციალური ჯგუფი კონტროლისთვის, რამდენად იყვნენ მზად კლინიკები ინფიცირებულების მისაღებად
მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელმაც მოამზადა სპეციალური ჯგუფი მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს უბრალოდ ადამიანური რესურსი არ ჰყოფნიდა, კონტროლისთვის რამდენად იყო მზად კლინიკები კოვიდის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოში იყო პარლამენტიც, პრეზიდენტიც, ადგილობრივი ხელისუფლებაც და ყველა, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემის 97 პროცენტი არის კერძო. ბატონმა დიმიტრიმ თავის ჯგუფთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა ჩვენი კერძო კლინიკების მზაობის შეფასებაში. ამას ჰქონდა კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა.
ჯანდაცვის სამინისტროში იყო შემუშავებული კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენს კლინიკებს ეტაპობრივად რთავდა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში. ეს მარტივი არ იყო, მაგრამ 100 პაციენტის გაჩენის შემთხვევაში იყო ერთი მოცულობა კლინიკების, 200-ის შემთხვევაში უკვე ერთვებოდა დამატებითი კლინიკები და ეს იყო რეგიონალური გაშლა, 300-ის – ემატებოდა შემდგომი და ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული გეგმა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ მართა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი კოვიდინფიცირებული, რომელმაც ვერ მიიღო, ან არ მიიღო სტაციონარული მკურნალობა. ეს არის ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმის, თუ რომ გვყავს სწრაფად გამოჯანმრთელებულების ამდენი რაოდენობა და რატომ არის ლეტალური კოეფიციენტი ჩვენთან ასე დაბალი“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.