გიორგი გახარია - ლოკდაუნით ადამიანების ჯანმრთელობა გადავარჩინეთ პირველი ტალღის დროს, როდესაც მთელ მსოფლიოში, ელემენტარული პირბადეც კი დეფიციტი იყო, დღეს ჩვენი წარმატება ეკონომიკის ჩაკეტვის გარეშე მართვაა
რაც შეეხება ანტირეკორდებს, ინფიცირების რაოდენობის ზრდას – პირველი დღიდან ვამბობდით, რომ იქნება მეორე ტალღა და იქნება ინფიცირების რაოდენობის ზრდა. ამას ვამბობდით, მე ვამბობდი თქვენთან ერთად ყოველდღე და ეს იყო აბსოლუტურად გასაგები პირველი დღიდან – ეს ერთი, და მეორე – რატომ მოხდა ასეთი ზრდა? მოხდა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ როდესაც ვნახეთ, ელემენტარულად, ჯანდაცვის სისტემა, საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის, ვიდრე პირველი ეტაპის დროს, აი, თუნდაც ახლა, თქვენ ყველანი ხართ პირბადეებში, პირველი ტალღის დროს პირბადე იყო ჩვეულებრივი დეფიციტი და ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, პირბადე შეეძინათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ მძიმე ლოკდაუნი უნდა გამოგვეცხადებინა იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაგვერჩინა. მათ უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდათ, სამწუხაროდ. ეს არ ხდებოდა მხოლოდ საქართველოში, ეს ხდებოდა მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ის, რაც შესაძლებელი იყო ექვსი თვის განმავლობაში, ყველაფერი გაკეთებულია და დღეს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, მისცეს მოქალაქეებს საშუალება, რომ სამუშაო ადგილების შენარჩუნების გზით და ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით, გაზრდილი რაოდენობა მართოს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მთავრობის წარმატება იქნება ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობის მართვა ლოკდაუნის და მძიმე შეზღუდვების დაწესების გარეშე.
„საერთოდ, პირბადე იყო გლობალური დეფიციტი – ისევე, როგორც ტესტირების საშუალება იყო უკიდურესად შეზღუდული, სასუნთქი აპარატების რაოდენობა იყო ქვეყანაში უკიდურესად შეზღუდული, სარეანიმაციო საწოლი ადგილების რაოდენობა გახლდათ უკიდურესად შეზღუდული. ეს ყველაფერი უკვე ამ 6 თვის განმავლობაში შედარებით გამოსწორდა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარ მოქალაქეებს არ გავუნადგუროთ მომავალი და მივცეთ შესაძლებლობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნების გზით და ეკონომიკურად სწრაფი აღდგენის მიზნით, ეს გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ. მინდა, ეს ძალიან კარგად გაიგოთ – მაშინ, პირველი ტალღის დროს, ჩვენი ეფექტურობა იყო, როდესაც საკუთარი რესურსი სწორად შევაფასეთ. ჩვენი ეფექტურობა მდგომარეობდა იმაში, თუ როგორ სწრაფად და ეფექტურად დავაგდებდით მობილობას იმისთვის, რომ ვირუსის გავრცელება გეოგრაფიულად და დროში მაქსიმალურად შეგვეზღუდა, რაც გავაკეთეთ. დღეს ჩვენი წარმატება იქნება მაშინ, როდესაც ინფიცირებულთა გაზრდილ რაოდენობას ვმართავთ ისე, რომ საბოლოოდ არ მოგვიწევს ეკონომიკის ჩაკეტვა, ლოკდაუნის გამოცხადება, მოქალაქეებისთვის საგანგებო მდგომარეობის, მძიმე შეზღუდვების დაწესება ისევ ისეთ პირობებში, როდესაც ეკონომიკურ აღდგენაზე მოგვიწევს ბევრად უფრო მეტი დროის დახარჯვა. სხვაობას ხომ ხედავთ – მაშინ ეს იყო მიზანი, რომელსაც მივაღწიეთ. დღეს მიზანი და სწორი მენეჯმენტი, სწორი ანტიკრიზისული მენეჯმენტი იქნება – როდესაც გაზრდილი ინფიცირების რაოდენობის პირობებშიც, ჩვენ შევძლებთ ამ პროცესის მართვას ისე, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მაჩვენებლები, როგორიცაა სიკვდილიანობა, როგორიცაა გადაცემის სიჩქარე და კიდევ სხვა ბევრი პარამეტრი შევინარჩუნოთ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით კარგ, ნორმალურ დონეზე და ამის შესაძლებლობა ჩვენ დღეს გვაქვს, რასაც ვაკეთებთ. ის, რაც შესაძლებელი იყო 6 თვის განმავლობაში, ეს ყველაფერი გაკეთებულია“, – განაცხადა პრემიერმა.