ლიტვის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მდგრადობის შენარჩუნების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პრობლემები, ვიმედოვნებთ და გვწამს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს იღონებს, რათა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა ეჭვი და კითხვა გააქარწყლოს. ჩვენ ყველა მიმართულებით ვხედავთ ქართული მხარის პროგრესსა და წინსვლას, რაც თვალსაჩინოა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებშიც. აღსანიშნავია, რომ ლიტვა საქართველოს პარტნიორია და ყოველთვის აქტიურად დაუჭერს მხარს ყველა საჭირო მიმართულებით. შესაბამისად, მზად ვართ განვაგრძოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩიუსმა.
გიორგი გახარიამ ლიტვურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული და სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს და სამომავლო გეგმები დასახეს.