გიორგი გახარია - ლარის კურსთან გამკლავებაშიც ჩვენი ძირითადი მიზანია ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, დარწმუნებული ვარ, კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურების მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებია.
გახარიას განცხადებით, დღეს როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე საფინანსო სექტორთან კონსულტაციები გაიმართება.
პრემიერის განმარტებით, ლარის კურსთან გამკლავებაშიც ძირითადი ამოცანა ეკონომიკის ზრდის სტიმულირებაა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ დარწმუნებულია, ლარის კურსი შესაბამის, საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.
„მოგეხსენებათ, ლარის კურსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საკმაოდ სტაბილურად და პოზიტიურად მოძრაობდა. რა თქმა უნდა, ეს არის ბოლო გამოწვევების, პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაქცია. ეს არის რეაქცია, რომელიც ჩვენ, ყველამ ერთად, წყნარად, მშვიდად უნდა გადავიტანოთ. ამისთვის ჩვენ დღეს გვექნება საუბარი ეროვნულ ბანკთანაც და საფინანსო სექტორთანაც და იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელიც ახლა ჩვენ ჩამოვთვალეთ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ლარის კურსთან გამკლავებაშიც ეკონომიკის ზრდის სტიმულირება, რასაც ყველანი ერათად ვაკეთებთ. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი შესაბამის ნიშნულს, საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო ოთხი თვის ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები პირველ ნოემბრამდე გადაუვადდებათ.
ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით 300 მლნ ლარი იქნება ინვესტირებული, დასაბრუნებელი დღგ-ს თანხა კი, გაორმაგდება