გიორგი გახარია - კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი ფინანსური, სოციალური მხარდაჭერა
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი ფინანსური, სოციალური მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მთავარი ამოცანა იყო ეპიდემიასთან სწრაფი გამკლავება.
„ჩვენი პირველი ამოცანა იყო ეპიდემიასთან გამკლავების სასწრაფო დახმარება გაგვეწია ჩვენი მოქალაქეებისთვის. შემდეგ, გვემუშავა ჩვენს პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოგვეპოვებინა ფინანსური რესურსი და შემდეგ, გაგევეკეთებინა სოციალური, მიზნობრივი დახმარების პაკეტი. რაც გავაკეთეთ, როგორც ფიზიკური პირებისთვის, მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი მეწარმეებისა და ეკონომიკისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი პირველი ნაბიჯები იყო მოქალაქეზე ზრუნვა და ზრუნვა ტურისტულ სექტორზე გადაუდებელი ხასიათის. შემდეგ, მეორე ნაბიჯია – ზრუნვა მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით მოქალაქესა და ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სექტორზე, რომლისთვისაც ასევე პანდემიასთან გამკლავების თვალსაზრისით გადაუდებელი ხარჯების მიზნით გამოყოფილია 350 მილიონი ლარი. სულ ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის, არ ვსაუბრობთ, პოსტკრიზისულ ეკონომიკის აღდგენაზე, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი ფინანსური, სოციალური მხარდაჭერა. ეკონომიკასა და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება – 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.