გიორგი გახარია - კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეებისთვის, სოციალურად ფართო წრეებისთვის იქნება თანმიმდევრული და გონივრული
ჩვენ, ყველა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით მძიმე კრიზისს და ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეებისთვის, სოციალურად ფართო წრეებისთვის იქნება თანმიმდევრული, გონივრული და აუცილებლობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
კითხვაზე, სოციალური დახმარების პროგრამები უკავშირდება თუ არა საპარლამენტო არჩევნებს, გიორგი გახარიამ აღნიშნა, არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი.
„მინდა, გაგახსენოთ, მაგალითად, პარლამენტში, როდესაც მე ტრიბუნასთან ვიდექი, ძირითადი პრეტენზია იყო, რატომ ეხმარებით ასე ცოტათი ჩვენს მოქალაქეებს. ეს ყველაფერი არის სპეკულირება. მთავარი არის ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დღეს, სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდა და უბრალოდ უჭირს. შესაბამისად, ჩემი, როგორც ამ მთავრობის ხელმძღვანელის, ამოცანაა, მოქალაქის მიზნობრივი დახმარება, სოციალური დახმარება, რათა ის მოხმარების დონე, რაც ამ ადამიანებს ჰქონდათ და განსაკუთრებით ბავშვებს, მაქსიმალურად დავეხმაროთ, ეს მოხმარების დონე როგორმე შეინარჩუნონ. ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის გათვალისწინებით, რისი შესაძლებლობაც გვექნება, სწორედ ასე მიზნობრივად გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების დახმარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.