გიორგი გახარია - კრიმინალური პოლიცია სისტემის ხერხემალია, თუმცა კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია
კრიმინალური პოლიცია არის ხერხემალი სისტემისა და კრიმინალთან ბრძოლის. სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიციის დღევანდელი მდგომარეობა საკმაოდ რთულია, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში არ არსებობს სპეციალიზაცია.
„დღეის მდგომარეობა არის შემდეგი, რომ ფაქტობრივად თანამდებობრივი პოზიციები, როგორიც არის უბნის ინსპექტორი, ოპერთანამშორმელი ან გამომძიებელი არის მხოლოდ და მხოლოდ დასახელება და გამოიყენება სახელფასო გრადაციისთვის. შინაარსობრივი სპეციალიზაცია ამ დასახელებების უკან არ არის. პირველ რიგში ჩვენ რაც გავაკეთეთ არის ის, რომ დღეს ხდება კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაციების მკაფიო გამიჯვნა. გამოიყოფა ცალკე საგამოძიებო კომპონენტი და უკვე დავიწყეთ ტესტირება ამ მიმართულებით”, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, იქნება ცალკე ჩამოყალიბებული საგამოძიებო კომპონენტი, ეს არის უბნის ინსპექტორი.
„უბნის ინსპექტორი, უახლოეს პერიოდში იქნება ახალი სახელით, ახალი ფუნქციებით და განახლებული სახელით, ეს გახლავთ უბნის ოფიცერი. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე შემქნილი გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა. თბილისის მასშტაბით ჩვენ ასეთი პოზიციის გვჭირდება 365 ადამიანი, 80 ადამიანის მომზადება უკვე დაწყებულია. 10 ივნისიდან გამოცხადდება ღია კონკურსი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელსაც ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამ პოზიციებზე, ვაკანტურ ადგილებზე მონაწილეობა. ჩვენ ვთლით, რომ უბნის ინსპექტორი ეს არის ის ძირითადი კომპონენტი კრიმინალური პოლიციის, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ანალიზზე დამყარებული საპოლიციო მომსახურეობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ძალზედ მოთხოვნადი პოზიციები”, – განაცხადა მინისტრმა.