გიორგი გახარია - კოვიდსიტუაციას შევაფასებ უკიდურესად მძიმედ, უნდა დავუდგეთ გვერდით ექიმებს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს მათ შორის ფინანსურად
კოვიდსიტუაციას შევაფასებ უკიდურესად მძიმედ, უნდა დავუდგეთ გვერდით ექიმებს, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს მათ შორის ფინანსურად, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ თელავში, პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული ორგანიზაციის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„კოვიდსიტუაციას შევაფასებ უკიდურესად მძიმედ, ამას ჩემი შეფასება არ სჭირდება, ამაზე ციფრები მეტყველებს. აქ აუცილებელია სოლიდარობა – ახლა არ არის იმის დრო, რომ გავარკვიოთ, ვინ რა შეცდომა დაუშვა და ვინ რაშია დამნაშავე. ახლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, უნდა დავუდგეთ გვერდით ექიმებს. ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ექიმები არიან ბოლო ზღუდე კოვიდთან, პანდემიასთან ბრძოლის, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ წესები, უნდა დავუდგეთ გვერდით ექიმებს და რა თქმა უნდა, მთავრობასაც უნდა დავუდგეთ. ახლა არ არის იმის დრო, რომ ერთმანეთი ვლანძღოთ და ვაკრიტიკოთ. ახლა მთავარია, ამ კრიზისიდან გამოვიდეთ. ერთადერთი, წინადადების სახით რისი თქმაც შემიძლია, მე უბრალოდ, ვიცი, გამოცდილი მაქვს – დღეს რა რეჟიმში მუშაობენ ექიმები, მედიკოსები და რა რეჟიმში მუშაობენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურას, შტაბების დონეზე რეგიონალურ დონეზე ემსახურებიან ადამიანებს, მოქალაქეებს, განსაკუთრებით მედიკოსებს, რომლებიც ძირითადად ახლა კერძო სექტორში მუშაობენ, მოგეხსენებათ, რომ მედიცინა დღეს ძირითადად კერძო სექტორშია. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მაქსიმალურად დაეხმარონ ამ ადამიანებს, მათ შორის ფინანსურად პრემიებით, კიდევ სხვადასხვა სახელფასო დანამატებით, რადგან ეს ხალხი 24 საათის განმავლობაში მუშაობს; უბრალოდ, სახლში ვერ მიდიან და მე ვიცი, ეს რას ნიშნავს ტრანსპორტის გაუქმება და ამ რეჟიმში მუშაობა, ამ ხალხს ოჯახები ჰყავთ და ხშირ შემთხვევაში, ესეც გასათვალისწინებელია. საქართველოში შეიძლება, ოჯახის რამდენიმე წევრი იყოს მედიკოსი და ერთდროულად იბრძოდნენ სხვადასხვა კლინიკებში. ამიტომ დღეს მათი მორალური, ფინანსური და ნებისმიერი სახით მხარდაჭერა არის აუცილებლობა და ეს არის დღეს რაც მთავრობას შეუძლია, პირველ რიგში გააკეთოს. ვაქცინაცია თითოეულმა ჩვენგანმა პირველ რიგში უნდა ავიცრათ აუცილებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.