გიორგი გახარია - კორონავირუსთან დაკავშირებული ცოდნა დღეს ბევრად დიდია, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდის აშკარა ტენდენციაა, თუმცა მდგომარეობა კონტროლს სრულად ექვემდებარება.
ამასთან, გახარიას თქმით, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა ბევრად უფრო დიდია, რაც იძლევა საშუალებას, მსგავსი ციფრების მიუხედავად, ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა, მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და რაც მთავარია, მართვადია. ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, რომ ძირითადი ამოცანაა ვირუსთან ადაპტაცია და ვირუსთან თანაცხოვრების სწავლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ასევე, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, ლოკდაუნები, შეზღუდვები, მათ შორის საგანგებო მდგომარეობა, სწორედ იმიტომ იყო გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, რადგან მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არ არსებობდა და ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო. ჩვენ ეს დრო მოვიგეთ. დღეს არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებული ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი, ბევრად მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნა და გამოცდილებაა, რომელიც დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ვირუსის რისკების, დროში გავრცელების მართვის, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც, დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანაა, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა მაქსიმალურად სწრაფად ისე, რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალეების ჯანმრთელობას“, – განაცხადა გახარიამ.