გიორგი გახარია - კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას
გიორგი გახარია - კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ გვაქვს, ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას

ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გუშინ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა და აუცილებელია, ყველამ გაითვალისწინოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები.

„საქართველოში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი. ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისი უწყებები და შექმნილი საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო სრულად აკონტროლებენ სიტუაციას. ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომლებსაც უკვე რამდენიმე დღეა ჩვენ ვავრცელებთ მედიასაშუალებების მეშვეობით. აქტიურად გრძელდება საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც შეიქმნა 28 იანვარს და ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად მოხდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, ისე, რომ ფაქტობრივად, ამას არ ჰქონია ჩვენს მოქალაქეებთან შეხება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა – ისევე, როგორ მესაზღვრეებსა და საბაჟოს თანამშრომლებს“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.