გიორგი გახარია - ახლა პანიკის დრო არ არის, ერთიანობისა და ეფექტური მოქმედების დროა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და ის კვლავ 24-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ინფიცირებულთა განკურნებისთვის, ასევე დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან.
„დღეს ჩვენ გვყავს 24 ინფიცირებული. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროტოკოლურ ღონისძიებებს ახორციელებს ამ ადამიანების განკურნებისთვის, თუმცა დადგენილია საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ჰქონდა კავშირი ამ ადამიანებთან და მიმდინაროებს შესაბამისი ღონისძიებები მათი პრევენციული ჯანდაცვის ღონისძიებების გასატარებლად“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის განმარტებით, ახლა არა პანიკის, არამედ გაერთიანების დროა.
„პირველ რიგში მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის ერთიანობის და ეფექტური მოქმედების დრო. ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია გახლავთ, მოვერიდოთ დახურულ და ხალხმრავალ სივრცეებს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაგრძელდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში არდადეგები. ამასთან ერთად, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდება საგაზაფხულო გაწვევა საქართველოს ჯარში“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდეს.
„საქართველოს მთავრობასა და ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდნენ დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურასა და კერძო ორგანოს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ნაბიჯმა ხელი არ უნდა შეუშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას“ ,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.