გიორგი გახარია - კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევაა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ ვეყრდნობით პროფესიონალების რჩევებს, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და წარმატების საფუძველი
გიორგი გახარია - კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევაა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ ვეყრდნობით პროფესიონალების რჩევებს, თანმიმდევრულ ნაბიჯებს, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და წარმატების საფუძველი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით, ამ დრომდე გაწეული სამუშაოს მეშვეობით, გარკვეული შედეგები არსებობს, რომელიც დღეს უნდა შეაჯამონ.

გახარიას თქმით, კორონავირუსის ეპიდემია გლობალური გამოწვევაა, რომლის საპასუხოდაც მოქმედებენ პროფესიონალების რჩევებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით.

პრემიერის შეფასებით, შექმნილ ვითარებაში სწორედ ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა და წარმატების საფუძველი.

გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან, ასევე მათ, ვინც სახლში რჩებიან და წესებს იცავენ.

მისი თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაცვისა და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციითაა განპირობებული.

პრემიერის განმარტებით, მთავრობის მუშაობის სამი ძირითადი მიმართულებაა ეპიდემიის დაძლევა, მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ეკონომიკის სწრაფი ამუშავება.

„ჩვენ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ სამუშაოს შემდგომ, რომელიც უკვე გაწეული იყო, გარკვეული შედეგები გვაქვს, რომელიც შეგვიძლია, შევაჯამოთ, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ვისაუბრებთ, ან გვისაუბრია აქამდე, ეხება მიმდინარე კრიზისში მენეჯმენტის ნაწილს. ეს არ არის პოსტ კრიზისული მართვა, ეს გახლავთ მიმდინარე კრიზისში მართვა. ამიტომ არის გარკვეული ნიუანსები, თავისებურებები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ.
მიგეხსენებათ, რომ უკვე მესამე თვეა, ჩვენი ქვეყანა უმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას. ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, რომელმაც ასე მოულოდნელად, ერთ დღეში ფაქტობრივად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სახე. ეს არის გლობალური გამოწვევა, რომლის საპასუხოდაც ჩვენ, საქართველოს მთავრობა, მთლიანად ხელისუფლება, მთლიანად სახელისუფლებო გუნდი გამკლავების ნაწილში ვეყრდნობით პირველ რიგში პროფესიონალების რჩევებს და ასევე მწყობრ, თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი,  ერთადერთი შესაძლებლობა და წარმატების საფუძველი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.