გიორგი გახარია - კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რათა 2024 წლისთვის ქვეყანამ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის დამსახურებული განაცხადი გააკეთოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, კოორდინირებული მუშაობაა საჭირო, რათა 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად, რათა ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის ხმამაღალი და დამსახურებული განაცხადი გააკეთოს.
„დღეს ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა ფრონტზე გვიწევს ბრძოლა. პირველ რიგში, ეს არის გლობალური პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმაში იყო გამოყოფილი აშკარად პრიორიტეტები, ეს არის ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაცია, ეკონომიკური გაძლიერება, დეოკუპაცია და ინტეგრაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ ქვეყნის ეკონომიკური აღდგენა, პოსტკოვიდური ეკონომიკური აღდგენა.
თუმცა, ჩვენი ძირითადი მიზნის, ევროპული ინტეგრაციის მისაღწევად ქვეყნის ეკონომიკაში სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ყველა ის რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ სფეროს ეხება, მათი ეფექტურობა უახლოესი წლების განმავლობაში უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება პირველ რიგში, იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური კრიზისი გადავლახოთ და მეორე რიგში, იმისთვის, რომ 2024 წლისთვის ქვეყანა ეკონომიკურად იყოს მზად, ხმამაღალი და რაც მთავარია, დამსხურებული განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის საჭიროა კოორდინირებული მუშაობა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.