გიორგი გახარია - კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც აბსოლუტურად კანონმდებლობით არის გაწერილი
მე ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ ამ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში.
გადაცემა „რეაქციის“ წამყვანმა გიორგი გახარიას შემდეგი კითხვა დაუსვა -„ახლა პირდაპირ ეთერში თქვენ მე დამიდასტურებთ, რომ იქ რაც ხდებოდა ყველაფერზე ბრძანება გაეცით თქვენ, პირველივე წუთიდან ბოლო წუთამდე“.
„რა თქმა უნდა, შეხედეთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, მანამდე უბრალოდ, მე იქ არ ვიყავი. ვიმოქმედე საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ ამ კონსტიტუციისა და ამ კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ის ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა ის სპეციალური საშუალებები, რომელიც არის აბსოლუტურად კანონმდებლობით სრულად გაწერილი. რატომ? იმიტომ, რომ პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ვალდებულებაა, დაიცვას ამ ქვეყნის ინსტიტუტები, დაიცვას მართლწესრიგი და სამოქალაქო წესრიგი ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.