გიორგი გახარია კომუნალურებსა და სესხების გადავადებაზე - პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა
გიორგი გახარია კომუნალურებსა და სესხების გადავადებაზე - პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა

პირველი ამოცანა იყო ის, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით, სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

პრემიერის განმარტებით, მთავრობამ პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით მიიღოს ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა.

„ამ კრიზისის ყველაზე დიდი გამოწვევა გახლდათ გაურკვევლობა და ეს გაურკვევლობა არ იყო მხოლოდ საქართველოში. ეს გაურკვევლობა იყო გლობალური. როგორც ეპიდემიოლოგიური, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ პირველ ეტაპზე, სასწრაფო დახმარების სახით, იმისთვის, რომ ადამიანებისთვის, რომლებსაც მეხივით დაეცათ ეს კრიზისი და მათ ხვალ, ზეგ, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ჰქონდათ გადასახდელი შუქის და გაზის ფული, ბანკში ჰქონდათ მისატანი საპროცენტო გადასახადი, შვილი ჰყავდათ სკოლაში მისაყვანი და ა.შ. ჩვენ პირველ ეტაპზე, პირველი ერთი თვით, სასწრაფო დახმარების სახით მივიღეთ ის ღონისძიებები, რომლებიც ოჯახიდან გასავალს მაქსიმალურად შეამცირებდა. ეს იყო ის, რაც ჩვენ შეგვეძლო.პირველი ამოცანა იყო, რომ ადამიანებს მაქსიმალურად დავხმარებოდით. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივხმარებოდით კომუნალური გადასახადების სახით, ეს იყო პირველი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებამ მოიცვა მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა. შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ასეთი დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ იმ მომენტში, რადგან საკითხი იყო ცხელი და სწრაფად უნდა მივხმარებოდით, არ იყო იმის დრო, გაგვერჩია, ვის უფრო ეკუთვნოდა და ვის ნაკლებად, ამიტომ გავაკეთეთ ეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შემდეგი ეტაპი იყო მოქალაქეებისთვის სესხის პროცენტის სამი თვით გადავადება.

„შემდგომ ჩვენ დავსხედით ბანკებთან, დაველაპარაკეთ და ვუთხარით, რომ მოქალაქეს, შეიძლება შემოსავალი შეუმცირდა ან გაუქრა, ნება იბოძეთ და სამი თვით საპროცენტო განაკვეთი სამი თვით გადაუვადეთ. ფიზიკურ პირებზე სამთვიანი საპროცენტო გადასახდელის გადავადებით ისარგებლა 600 000-მა ჩვენმა მოქალაქემ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.